Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 9:16

[1] ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძიებდნენ, როგორ შეეპყროთ იგი მზაკვრობით და მოეკლათ.

[2] და ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდესო.

[3] როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში, და ინახად იჯდა, მივიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონის ჭურჭლით ჰქონდა სუფთა ნელსაცხებელი ძვირად ღირებული ნარდისა. და გატეხა მან ალებასტრონი და თავზე დაასხა მას.

[4] იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც აღშფოთებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: ასე რად დაიხარჯა ნელსაცხებელიო?

[5] ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგება? და კიცხავდნენ მას.

[6] იესომ თქვა: „მოეშვით მაგას, რატომ აწუხებთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო.

[7] ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით.

[8] მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად.

[9] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ სოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მის მოსაგონებლად.“

[10] იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი.

[11] მათ მოისმინეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი.

[12] უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავი იკვლებოდა, მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას: „სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“

[13] გაგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი და უთხრა მათ: „წადით ქალაქში და შემოგეყრებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მოაქვს. გაჰყევით მას

[14] სადაც შევა, უთხარით სახლის პატრონს: ‘მოძღვარმა თქვა: სად არის ჩემი სასტუმრო ოთახი, ჩემს მოწაფეებთან ერთად რომ ვჭამო პასექი?’

[15] ის გიჩვენებთ ზემოთვალს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ.“

[16] და გამოვიდნენ მისი მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი.

[17] რომ მოსაღამოვდა, თორმეტთან ერთად მოვიდა იგი.

[18] როცა ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე.“

[19] ისინი დანაღვლიანდნენ და ჰკითხეს სათითაოდ: „მე ხომ არა ვარ?“

[20] მან უთხრა მათ: „ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად ჯამში ჩამწობი.

[21] რადგან კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. იმ კაცისათვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო.“

[22] როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ და ჭამეთ – ეს ჩემი სხეულია!“

[23] აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. და იქიდან შესვა ყველამ.

[24] უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.

[25] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მეტს აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს ღვთის სასუფეველში.“

[26] იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.

[27] უთხრა მათ იესომ: „ყველანი ცდუნდებით, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ცხვრები.’

[28] ხოლო ჩემი აღდგომის მერე წინ წაგიძღვებით გალილეაში.“

[29] პეტრემ უთხრა მას: „თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა!“

[30] უთხრა მას იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ.“

[31] ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: თუნდაც რომ მოვკვდე შენთან ერთად, არ უარგყოფო. ასევე ამბობდნენ სხვებიც.

[32] მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსიმანია, და უთხრა თავის მოწაფეებს: „ისხედით აქ, სანამ ვლოცულობ.“

[33] და წაიყვანა თავისთან პეტრე, იაკობი და იოანე. და იწყო წუხილი და ურვა.

[34] უთხრა მათ: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ.“

[35] ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა, თუ შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი.

[36] თქვა: „აბბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც – შენ.“

[37] მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „სიმონ, გძინავს? ვერ შესძელი, ერთ საათს გეფხიზლა?

[38] იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური.“

[39] კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა.

[40] მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ; და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის.

[41] და მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა. მოვიდა ჟამი. აჰა, კაცის ძე გადაეცემა ცოდვილთა ხელთ.

[42] ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.“

[43] კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართაგან, მწიგნობართაგან და უხუცესთაგან.

[44] მის გამცემს მიეცა მათთვის ნიშანი და ეთქვა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ.“

[45] როცა მოვიდა, მყისვე მიეჭრა მას და უთხრა: „რაბი!“ და ეამბორა.

[46] მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს იგი.

[47] ერთმა იქ მდგომთაგანმა იძრო მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.

[48] მიუგო იესომ და უთხრა მათ: „განა ავაზაკი ვარ, მახვილებითა და კეტებით რომ მოხვედით ჩემს შესაპყრობად?

[49] ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ, დაე, აღსრულდეს წერილები.“

[50] და მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ.

[51] ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ სხეულზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და შეიპყრეს იგი.

[52] შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა.

[53] მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან. და თავი მოიყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა.

[54] პეტრე შორიდან მიჰყვებოდა მას, თვით მღვდელმთავრის ეზომდე, და დაჯდა მსახურებთან და ცეცხლს მიეფიცხა.

[55] მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ.

[56] მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

[57] ზოგნი წამოდგნენ და ცილს წამებდნენ მას, ამბობდნენ:

[58] ჩვენ მოვუსმინეთ, რომ ლაპარაკობდა: მე დავანგრევ ამ ხელითქმნილ ტაძარს და სამ დღეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელსო.

[59] მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს.

[60] დადგა მღვდელმთავარი შუაზე და ჰკითხა იესოს: „არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“

[61] ის დუმდა და არაფერს პასუხობდა. კვლავ ჰკითხა მას მღვდელმთავარმა: „შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?“

[62] იესომ თქვა: „მე ვარ. თქვენ იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებში მომავალს.“

[63] მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „რაღად გვინდა მოწმენი?

[64] თქვენ მოისმინეთ გმობა. რას იტყვით?“ მაშინ ყველამ დასდო მსჯავრი მას, როგორც სიკვდილის თანამდებს.

[65] ზოგიერთებმა დაუწყეს მას ფურთხება; სახე დაუბურეს და სცემდნენ, და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო, და მსახურნი სილას აწნავდნენ.

[66] როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელმთავრის ერთი მხევალთაგანი.

[67] დაინახა ცეცხლს მიფიცხებული პეტრე, დააკვირდა და უთხრა: „შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი.“

[68] მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც მესმის, რას ამბობო. და პეტრე გავიდა ეზოს გარეთ, და იყივლა მამალმა.

[69] მხევალმა დაინახა იგი და კვლავ უთხრა იქ მდგომებს: ესეც იმათთაგანიაო.

[70] მან კვლავ უარყო. მცირეხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად იმათგანი ხარ, რადგან შენც გალილეველი ხარ, კილოზეც გეტყობა.“

[71] და დაიწყო მან თავის წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზეც მელაპარაკებითო.

[72] მყისვე მეორედ იყივლა მამალმა და პეტრეს გაახსენდა სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გაახსენდა და ატირდა.

მარკოზის სახარება — Chapters