Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:54

[1] და კვლავ შევიდა სინაგოგაში. და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი.

[2] უთვალთვალებდნენ, შაბათ დღისითაც ხომ არ განკურნავდა, რომ ბრალი დაედოთ მისთვის.

[3] უთხრა ხელგამხმარ კაცს: „შუაში დადექი.“

[4] მათ კი უთხრა: „შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული, თუ ბოროტისა? სულის ხსნა, თუ დაღუპვა?“ და დუმდნენ ისინი.

[5] იესომ რისხვით გადახედა მათ, მათი გულდახშულობით დამწუხრებულმა, და იმ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა და მოურჩა ხელი.

[6] ფარისევლები გამოსვლისთანავე შეითქვნენ ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი.

[7] იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა. მას უამრავი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან,

[8] იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან. მრავალი ხალხი მივიდა მასთან ტვიროსისა და ციდონის სანახებიდან, როცა შეიტყვეს, რაც მოიმოქმედა.

[9] და უთხრა თავის მოწაფეებს, ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა იგი,

[10] რადგან ბევრი განკურნა. ზედ აწყდებოდა ყველა, ვისაც რამ სნეულება სჭირდა, და ცდილობდა, შეხებოდა მას.

[11] არაწმიდა სულებიც, როგორც კი დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: „შენა ხარ ძე ღვთისა!“

[12] იესო მკაცრად უბრძანებდა მათ, რათა არ გაემჟღავნებინათ იგი.

[13] და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და წავიდნენ მასთან.

[14] თორმეტი ამოირჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად,

[15] და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკთა გამოდევნის ხელმწიფება.

[16] და ამოარჩია თორმეტი: მეტსახელად მისცა სიმონს პეტრე;

[17] იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს „ქუხილის ძენი“;

[18] ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი.

[19] და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

[20] მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარა ჭამეს.

[21] მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წამოვიდნენ, რადგან ამბობდნენ: შეშლილიაო.

[22] იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: ბელზებელი ჰყავს და ეშმაკებს ეშმაკთა მთავრით სდევნისო.

[23] მოუხმო მათ და იგავებით ეუბნებოდა: „როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა?

[24] თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს.

[25] თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს;

[26] და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიყო, ვეღარ გაძლებს. დაუდგა აღსასრული.

[27] ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.

[28] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ;

[29] ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია.

[30] რადგან ამბობდნენ: არაწმიდა სული ჰყავსო.

[31] მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად.

[32] მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს, გარეთ შენი დედა და შენი დანი და შენი ძმანი არიან და შენ გეძებენო.

[33] პასუხად უთხრა: „ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები?“

[34] მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები.

[35] რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“

მარკოზის სახარება — Chapters