Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:13

[1] როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გააგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი.

[2] უთხრა მათ: „წადით სოფელში, თქვენს წინ რომ არის. როგორც კი შიგ შეხვალთ, მაშინვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა. ახსენით და მომიყვანეთ.

[3] თუ ვინმემ გითხრათ: ამას რას შვრებითო? უთხარით, რომ უფალს სჭირდება და უმალ დაგიბრუნებს-თქო.“

[4] წავიდნენ და იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი, და აუშვეს იგი.

[5] იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: „რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს?“

[6] მათ უთხრეს, როგორც იესომ უთხრათ, და მოეშვნენ მათ.

[7] და მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე.

[8] ბევრმა დაუფინა გზაზე მას თავისი ტანისამოსი, ზოგმა კი მინდორში მოჭრილი ტოტები.

[9] წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი!

[10] კურთხეულ არს ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!“

[11] და შევიდა იესო იერუსალიმში, ტაძარში, და დაათვალიერა ყველაფერი. უკვე გვიანი იყო და თორმეტთან ერთად გავიდა ბეთანიისაკენ.

[12] მეორე დღეს, ბეთანიიდან რომ გავიდნენ, მოშივდა.

[13] შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და წავიდა, რომ ზედ რამე ეპოვა. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი. არ იყო ლეღვობის დრო.

[14] მიუბრუნდა და უთხრა მას: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი!“ და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა.

[15] და მივიდნენ იერუსალიმში და შევიდა ტაძარში იესო, და დაიწყო გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა. მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები ააყირავა.

[16] არ ანებებდა, რაიმე გაეტარ-გამოეტარებინათ ტაძარზე.

[17] და ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „არ სწერია, ჩემი სახლი ყველა ხალხის სამლოცველო სახლად იწოდებაო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ.“

[18] გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ, როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, რაკი მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით.

[19] როცა მოსაღამოვდა, გავიდნენ ქალაქიდან.

[20] დილით ჩაიარეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო.

[21] და გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: „რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.“

[22] მიუგო იესომ და უთხრა მათ:

[23] „იქონიეთ ღვთის რწმენა. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას.

[24] ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება.

[25] როცა ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტეოთ თქვენი შეცოდებანი.

[26] ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.“

[27] კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და, როცა იგი ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან.

[28] და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“

[29] იესომ უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას; მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.

[30] იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? აბა, მიპასუხეთ.“

[31] ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, გვეტყვის: მაშ რაღატომ არ იწამეთო მისი?

[32] ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო.

[33] და მიუგეს იესოს და უთხრეს: „არ ვიცით.“ იესომ უთხრა მათ: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“

მარკოზის სახარება — Chapters