Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:00

[1] კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას. მასთან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, იმდენმა, რომ იგი ნავში ჩაჯდა და გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე.

[2] ბევრ რასმე ასწავლიდა იგი იგავებით და თავის მოძღვრებაში ამბობდა:

[3] „ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი სათესად.

[4] თესვისას ზოგი გზისპირას დავარდა. მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს.

[5] ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც ბევრი მიწა არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან მიწას სიღრმე არ ჰქონდა.

[6] ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.

[7] ზოგი ეკლებში დავარდა, გაიზარდა ეკლები და გააჩანაგეს იგი და მან ნაყოფი ვეღარ გამოიღო.

[8] ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და გამოიღო ნაყოფი. აღმოცენდა, გაიზარდა და იმატა ერთი – ოცდაათად, ერთი – სამოცად და ერთი – ასად.“

[9] თქვა: „ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“

[10] როცა იგი მარტო დარჩა, მათ, ვინც გარს ეხვია თორმეტთან ერთად, ჰკითხეს იგავზე.

[11] მან უთხრა: „თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ღვთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის.

[12] რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ.“

[13] უთხრა მათ: „ეს იგავი არ გესმით და როგორ მიხვდებით ყველა სხვა იგავს?

[14] მთესველი სიტყვას თესავს.

[15] ისინი კი იმ გზის პირას არიან, სადაც ითესება სიტყვა. როგორც კი მოისმენენ, მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას.

[16] ასევე, კლდოვანზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი სიტყვას მოისმენენ, მყის სიხარულით მიიღებენ მას.

[17] მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ თავის თავში და ხანმოკლენი არიან და, როგორც კი დგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდებიან.

[18] სხვანი, ეკალთა შორის დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ,

[19] მაგრამ ამ სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო ხდება.

[20] კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ და მიიღებენ, და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი – ოცდაათად, სამოცად და ასად.“

[21] უთხრა მათ: „განა იმისთვის მოაქვთ სანთელი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ შედგან? განა იმისათვის არა, რომ სასანთლეზე დადგან?

[22] არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც რამ დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.

[23] თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“

[24] უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ.

[25] რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაცა აქვს.“

[26] თქვა: „ასეთია ღვთის სასუფეველი: კაცმა რომ თესლი ჩააგდოს მიწაში,

[27] ეძინოს და დგებოდეს ღამით თუ დღისით. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ.

[28] რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში.

[29] რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მყისვე გამოგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ.“

[30] თქვა: „რას შევუდაროთ ღვთის სასუფეველი? ან რომელი იგავით გამოვთქვათ?

[31] იგი მდოგვის მარცვალსა ჰგავს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის,

[32] დათესვის მერე კი ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ.“

[33] მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის გაგებაც შეეძლოთ.

[34] იგავის გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.

[35] იმავე დღეს, რომ მოსაღამოვდა, უთხრა მათ: „გადავცუროთ გაღმა.“

[36] გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან სხვა ნავებიც იყო.

[37] ამოვარდა დიდი ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე რომ ნავი უკვე ივსებოდა.

[38] ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?“

[39] წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: „დადუმდი, ჩადექ!“ ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა.

[40] და უთხრა მათ: „რატომ ხართ ასე მხდალნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?“

[41] და მათ დიდი შიშით შეეშინდათ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილება?“

მარკოზის სახარება — Chapters