Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 6:42

[1] უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომელნიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სასუფეველს, ძლიერებით მოსულს.“

[2] ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე.

[3] და გაბრწყინდა მისი სამოსელი და ძალზე სპეტაკი გახდა, ისეთი, რომ გამთეთრებელს ამ ქვეყანაზე არ ძალუძს ისე გათეთრება.

[4] და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ესაუბრებოდნენ იესოს.

[5] მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: „რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთებთ სამ კარავს. ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“

[6] ვინაიდან არ იცოდა რა ეთქვა, რადგან ყველა შეშინებული იყო.

[7] და გაჩნდა ღრუბელი, რომელმაც მოუჩრდილა მათ და იყო ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, ისმინეთ მისი!“

[8] უეცრად მიმოიხედეს, მაგრამ ირგვლივ ვერავინ დაინახეს, გარდა იესოსი.

[9] როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, უბრძანა, არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე.

[10] ეს სიტყვა გულში ჩაიდეს და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავსო მკვდრეთით აღდგომა.

[11] და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?

[12] უთხრა მათ: „მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და ყოველივე მოაწესრიგოს. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი იტანჯოს და დამცირდეს?

[13] მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, როგორც დაწერილია მასზე.“

[14] როცა მოწაფეებთან მივიდა, დაინახა მათ ირგვლივ დიდძალი ხალხი და მათთან მოდავე მწიგნობრები.

[15] და მყისვე დაინახა მთელმა ხალხმა და გაუკვირდათ. და მირბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ.

[16] ჰკითხა მათ: „რას ედავებით ამათ?“

[17] ხალხიდან ერთ-ერთმა მიუგო: „მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც უტყვობის სული სჭირს.

[18] სადაც კი შეიპყრობს, ძირს ანარცხებს, და გადმოსდის დუჟი, კბილებს აღრჭენს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“

[19] და მან მიუგო მათ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ თქვენ? მომიყვანეთ იგი.“

[20] და მოუყვანეს მას. როგორც კი სულმა დაინახა იგი, დაანარცხა. დაეცა მიწაზე, და გორავდა დუჟმორეული.

[21] და ჰკითხა მის მამას: „რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა?“ უთხრა: „პატარაობიდან.

[22] ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რომ დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე ჩვენ, შეგვიბრალე“.

[23] იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლიაო? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.“

[24] ბავშვის მამამ მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.“

[25] როცა დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდური სული და უთხრა: „უტყვო და ყრუ სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“

[26] შესძახა და მაგრად შეანჯღრია იგი და გავიდა. ის კი მკვდარივით გახდა, ისე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც, რომ ის მოკვდა.

[27] იესომ დაუჭირა ხელი, წამოაყენა; და ისიც ფეხზე დადგა.

[28] შინ რომ შევიდა, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: „ჩვენ რატომ ვერ გავდევნეთ იგი?“

[29] უთხრა მათ: „ეს მოდგმა ვერაფრით გამოვა, თუ არა ლოცვითა და მარხვით.“

[30] იქიდან წასულები გალილეაზე გადიოდნენ. არ უნდოდა, ვინმეს ეცნო.

[31] ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: „კაცის ძე გადაცემულ იქნება კაცთა ხელში, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“

[32] მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები და ეშინოდათ, რომ შეკითხოდნენ მას.

[33] და მივიდნენ კაპერნაუმში. სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაში?“

[34] ისინი დუმდნენ, ვინაიდან გზაში ერთმანეთში მსჯელობდნენ: ვინ უფრო დიდიაო.

[35] და დაჯდა და დაუძახა თორმეტს და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იქნება ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.“

[36] მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ:

[37] „ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.“

[38] უთხრა მას იოანემ: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგვყვება. და ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება.“

[39] იესომ თქვა: „ნუ უკრძალავთ, ვინაიდან არავის, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, არ ძალუძს ჩემი ასე იოლად გმობა,

[40] ვინაიდან, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის.

[41] ვინც წყალს შეგასმევთ სასმისით ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.

[42] ხოლო ვინც ერთ ამ მცირეთაგანს, ჩემი მორწმუნეებიდან, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ.

[43] „თუ გაცდუნებს შენი ხელი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტელ ცეცხლში,

[44] სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.

[45] თუ გაცდუნებს შენი ფეხი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ,

[46] სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.

[47] თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე იგი. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში,

[48] სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.

[49] ვინაიდან ყველა ცეცხლით დამარილდება და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება.

[50] მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი შეანელებთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში.“

მარკოზის სახარება — Chapters