Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:31

[1] მყისვე დილაადრიანად მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად მოითათბირეს და შეკრეს იესო, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს.

[2] და ჰკითხა მას პილატემ: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „შენ ამბობ.“

[3] მღვდელმთავარნი ბევრ რამეს აბრალებდნენ მას.

[4] პილატემ კვლავ ჰკითხა მას: „არაფერს უპასუხებ? ხედავ, რამდენს გაბრალებენ?“

[5] მაგრამ იესო აღარაფერზე პასუხობდა და ეს აოცებდა პილატეს.

[6] დღესასწაულზე იგი უთავისუფლებდა ხოლმე მათ ერთ პატიმარს, ვისზეც სთხოვდნენ.

[7] და იყო ვინმე ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ.

[8] ავიდა ხალხი და დაუწყო იმის თხოვნა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ.

[9] პილატემ მიუგო მათ და უთხრა: „გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“

[10] ვინაიდან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი.

[11] მაგრამ მღვდელმთავრებმა ააგულიანეს ბრბო, რომ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის.

[12] პილატემ კვლავ მიუგო და უთხრა: „რაღა ვუყო მას, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ?“

[13] მათ კვლავ იყვირეს: „ჯვარს აცვი იგი!“

[14] პილატემ უთხრა მათ: „რა ბოროტება ჩაიდინა?“ მაგრამ ისინი უფრო მეტად აყვირდნენ: „ჯვარს აცვი იგი!“

[15] პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ.

[16] ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი იმ ეზოს შიგნით, ანუ პრეტორიაში, და შეკრიბეს მთელი რაზმი.

[17] შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისგან დაწნული გვირგვინი.

[18] და დაუწყეს მას მისალმება: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“

[19] ლერწამს ურტყამდნენ თავში, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს.

[20] როცა შეურაცყვეს, გახადეს ძოწეული და მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს, და გამოიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.

[21] აიძულეს ერთი გამვლელი, სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფუსის მამა, რომელიც მინდვრიდან მოდიოდა, ეზიდა მისი ჯვარი.

[22] და მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.

[23] და მიაწოდეს მას მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო.

[24] და ჯვარს აცვეს და გაიყვეს მისი სამოსელი წილის ყრით – ვის რა ერგებოდა.

[25] მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი.

[26] იყო წარწერილი წარწერა მისი ბრალდებისა: „მეფე იუდეველთა.“

[27] მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მარცხნივ.

[28] და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: „ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხა“.

[29] გამვლელები თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას და ამბობდნენ: „ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო,

[30] იხსენ საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან!“

[31] ასევე მღვდელმთავარნი, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია.“

[32] ქრისტე, მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ.“ მასთან ჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას.

[33] მეექვსე საათზე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე.

[34] მეცხრე საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?

[35] იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: აჰა, ელიას უხმობსო იგი.

[36] ერთი ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად, თან ამბობდა: აბა, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელადო.

[37] იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა.

[38] და ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო, თავიდან ბოლომდე.

[39] როცა მის წინაშე მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შესძახა და განუტევა სული, თქვა: „ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო ეს კაცი.“

[40] აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უმზერდნენ. მათ შორის მარიამ მაგდალელიც, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, და სალომე,

[41] რომელნიც მაშინ, როცა ის გალილეაში იყო, თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ასევე მრავალი სხვაც, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ იერუსალიმს.

[42] როცა მოსაღამოვდა, რაკი იყო პარასკევი, ანუ შაბათის წინადღე,

[43] მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღვთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.

[44] პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო. დაუძახა ასისთავს და ჰკითხა: „დიდი ხანია მოკვდა?“

[45] ეს რომ შეიტყო ასისთავისაგან, უბოძა იოსებს გვამი.

[46] და მან იყიდა ტილო, გარდმოხსნა იგი, შემოახვია ტილო და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაგორა სამარხის კარზე.

[47] მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, – იესოს დედამ – დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი.

მარკოზის სახარება — Chapters