[1] და შეიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი.
[2] და დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ბინძური, ესე იგი, დაუბანელი ხელებით ჭამდა პურს.
[3] რადგან ფარისეველნი და ყველა იუდეველი, იცავენ ძველების ჩვეულებას და ისე არ ჭამენ, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი,
[4] ბაზრიდან დაბრუნებულები განბანის გარეშე არ ჭამენ. და სხვაც ბევრი რამ არის, რაც მიიღეს შესასრულებლად: სასმისების, თასების, სპილენძის ქვაბების გავლება წყალში.
[5] და ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: „რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები ძველების გადმოცემისამებრ და ხელდაუბანელი ჭამენ პურს?“
[6] მან უთხრა მათ: „კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც სწერია: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.
[7] ამაოდ მეთაყვანებიან, ასწავლიან რა ადამიანთა მცნებებს და მოძღვრებებს.’
[8] ღვთის მცნებათა მიმტოვებელნი იცავთ კაცთა გადმოცემას, სასმისების და თასების რეცხვას და მრავალ სხვას ამგვარს აკეთებთ.“
[9] უთხრა მათ: „კარგია, რომ ღვთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ?
[10] მოსემ თქვა: ‘პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა. მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’
[11] თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: კორბან, ესე იგი, ძღვენიო (ღმერთს), რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, –
[12] მას თქვენ ნებასა რთავთ, აღარაფერი გააკეთოს მამისთვის ან დედისათვის.
[13] აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს ამის მსგავსს აკეთებთ.“
[14] მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა: „მომისმინეთ ყველამ და შეიგნეთ:
[15] არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.
[16] თუ ვინმეს ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“
[17] როცა ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს მას იგავზე.
[18] უთხრა მათ: „ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა?
[19] ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გამოდის ზარულში.“ მან ასე განწმიდა ყოველგვარი საკვები.
[20] შემდეგ უთხრა: „კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.
[21] ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი,
[22] მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება.
[23] ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.“
[24] ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ წავიდა. და სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა.
[25] მაგრამ მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულიც უწმიდური სულით იგვემებოდა, მივიდა და დაემხო მის ფერხთით.
[26] ეს დედაკაცი კი ბერძენი იყო, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი, და ემუდარებოდა, განედევნა ეშმაკი მისი ასულისაგან.
[27] და უთხრა მას: „მოითმინე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.“
[28] მან მიუგო და უთხრა: „მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ მაგიდის ქვეშ ჭამენ შვილების ნამცეცებს.“
[29] უთხრა: „მაგ სიტყვისათვის წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისაგან.“
[30] და წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი საწოლზე იწვა, ეშმაკი კი გასული იყო.
[31] კვლავ გამობრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა ციდონის გზით გალილეის ზღვისკენ, დეკაპოლისის საზღვრების გავლით.
[32] და მიუყვანეს მას ერთი ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.
[33] გაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო, დაანერწყვა და შეეხო მის ენას,
[34] ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: „ეფფათა“, რაც არის: განიხსენ.
[35] და მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა.
[36] უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ.
[37] მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს ასმენინებს და მუნჯებს ალაპარაკებს.“