[1] პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ სოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ სოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი.
[2] სერობის დროს, როცა ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, რომ გაეცა იგი,
[3] იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის,
[4] წამოდგა სერობიდან, გადაიძრო ზედა სამოსელი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა.
[5] მერე ჩაასხა წყალი საბანელში და დაიწყო მოწაფეების ფერხთბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა.
[6] მივიდა სიმონ-პეტრესთან. ის კი ეუბნება: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი?“
[7] მიუგო იესომ და უთხრა მას: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ ხვდები, მერე კი გაიგებ.“
[8] ეუბნება მას პეტრე: „უკუნისამდე არ დამბან ფეხს.“ მიუგო იესომ: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი.“
[9] ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, მარტო ფეხი კი არა, არამედ ხელიც და თავიც.“
[10] ეუბნება მას იესო: „განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა.“
[11] რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა.
[12] ფერხნი რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: „იცით რა გიყავით?
[13] თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან ვარ.
[14] ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფერხნი, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფერხნი.
[15] რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
[16] ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი.
[17] რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.
[18] ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ. მე ვიცი, ვინც ამოვარჩიე: მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ‘ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი.’
[19] ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.
[20] ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს.“
[21] ამის თქმის შემდეგ იესო სულით აღელდა, დაამოწმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე.“
[22] გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო.
[23] იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს.
[24] სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზეც თქვაო.
[25] გადაიხარა იგი იესოს მკერდისკენ და ეუბნება: „უფალო, ვინაა იგი?“
[26] მიუგებს იესო: „ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ.“ ამოაწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს.
[27] ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: „რაც გასაკეთებელი გაქვს, მალე გააკეთე.“
[28] მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.
[29] ზოგიერთმა იფიქრა, რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, იესო ეუბნება, სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდებაო, ან კიდევ, რომ რაიმე მიეცა ღარიბებისათვის.
[30] ის კი, როგორც კი ლუკმა აიღო, დაუყოვნებლივ გავიდა. და იყო ღამე.
[31] როცა გავიდა, ამბობს იესო: „ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში.
[32] რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და უმალვე განადიდებს მას.
[33] შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდეველებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა.
[34] ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
[35] ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“
[36] ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, სად მიდიხარ?“ მიუგო მას იესომ: „ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები.“
[37] ეუბნება მას პეტრე: „უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? სულს დავდებ შენთვის.“
[38] მიუგო იესომ: „სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ.