[1] ერთშაბათს, დილაადრიან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი გადაგორებულია სამარხიდან.
[2] გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: „უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს.“
[3] მაშინვე გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და მივიდნენ სამარხთან.
[4] ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან.
[5] დაიხარა და დაინახა დაწყობილი ტილოები, მაგრამ არ შესულა.
[6] მივიდა სიმონ-პეტრეც მის შემდეგ, და შევიდა სამარხში და დაინახა დაწყობილი ტილოები.
[7] სუდარა, თავზე რომ ეხვია, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას.
[8] მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან პირველი რომ მივიდა, და იხილა და იწამა,
[9] რადგან აქამდე არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.
[10] წავიდნენ კვლავ თავ-თავისთვის მოწაფეები.
[11] მარიამი კი იდგა სამარხთან, გარეთ და ტიროდა. და მტირიალი სამარხისაკენ დაიხარა,
[12] და დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფერხთით, სადაც იესოს გვამი ესვენა.
[13] უთხრეს მას: „ქალო, რატომ სტირი?“ ეუბნება მათ: „ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დადეს.“
[14] ამის თქმისას მოტრიალდა და დაინახა მდგომარე იესო. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.
[15] ეუბნება მას იესო: „ქალო, რატომ სტირი, ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება მას: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ.“
[16] ეუბნება მას იესო: „მარიამ!“ მოტრიალდა მარიამი და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ (რაც ნიშნავს: მოძღვარო)
[17] ეუბნება მას იესო: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.“
[18] მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას.
[19] იმავე დღის საღამოჟამს, ერთშაბათს, როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში, და უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!“
[20] ეს რომ თქვა, უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით.
[21] კვლავ უთხრა მათ იესომ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ.“
[22] ეს რომ თქვა, სული შეუბერა და ეუბნება: „მიიღეთ სულიწმიდა.
[23] ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.“
[24] თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, არ იყო მათთან, როცა იესო მოვიდა.
[25] უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი.“ მან უთხრა მათ: „თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში – საკუთარ ხელს, არ ვიწამებ!
[26] რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო ჩაკეტილ კარებში, დადგა შუაში და თქვა: „მშვიდობა თქვენდა.“
[27] მერე თომას ეუბნება: „მოიტა აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.“
[28] მიუგო თომამ და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“
[29] ეუბნება მას იესო: „შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს.“
[30] ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა.
[31] ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.