[1] ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმს.
[2] იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან, აუზია, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხაზდა ეწოდება, და ხუთი სტოა აქვს.
[3] იქ იწვა ძალიან ბევრი სნეული, ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ,
[4] რადგან უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა დროდადრო აუზში და ამღვრევდა წყალს. ხოლო მას შემდეგ, რაც წყალი აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, განიკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი.
[5] აქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტანჯებოდა თავისი სენით.
[6] იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხანია სნეულია, და უთხრა: „გინდა, განიკურნო?“
[7] მიუგო მას სნეულმა: „უფალო, კაცი არა მყავს, წყლის შემღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. მანამ მე მივალ, სხვა მასწრებს.“
[8] ეუბნება მას იესო: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე.“
[9] და მაშინვე გაჯანსაღდა ეს კაცი. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს შაბათი იყო.
[10] უთხრეს იუდეველებმა განკურნებულს: „დღეს შაბათია. ნება არა გაქვს სარეცლის აღებისა.“
[11] მან მიუგო მათ: „ვინც განმკურნა, მან მითხრა: აიღე შენი სარეცელი და გაიარეო.“
[12] ჰკითხეს მას: „ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და გაიარეო?“
[13] განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილას მყოფ ბრბოს შეერია.
[14] ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: „აჰა, შენ გაჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რამე უარესი არ დაგემართოს.“
[15] ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესოა მისი განმკურნებელი.
[16] იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა.
[17] იესომ მიუგო მათ: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ.“
[18] ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.
[19] მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თვითონ ვერაფერს გააკეთებს, რომ არ ეხილოს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.
[20] რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს, ისეთებს რომ გაგიკვირდებათ.
[21] რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევე ძეც აცოცხლებს მას, ვისი გაცოცხლებაც სურს.
[22] რადგან მამა არავის განიკითხავს, არამედ მთელი განკითხვა ძეს გადასცა,
[23] რათა ყველამ სცეს პატივი ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს არ სცემს პატივს, ის არც მამასა სცემს პატივს, მის მომავლინებელს.
[24] ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე და განკითხვაზე არ მიდის, არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.
[25] ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე არის ახლა, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და ვინც მას მოისმენენ, იცოცხლებენ.
[26] რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
[27] სამართლის გაჩენაშიც ხელმწიფება მისცა მას, რადგან კაცის ძე არის იგი.
[28] ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ.
[29] კეთილის მქნელნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი – განკითხვის აღდგომისთვის.
[30] ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ, და ჩემეული განკითხვა სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
[31] თუ მე ვმოწმობ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არაა ჭეშმარიტი.
[32] სხვა არის დამმოწმებელი ჩემზე და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემზე.
[33] თქვენ გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტება.
[34] თუმცა ადამიანისგან არ ვიღებ მოწმობას, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ.
[35] იგი ანთებული და მანათობელი სანთელი იყო და თქვენ გინდოდათ გეხარათ ერთხანს მის ნათელში.
[36] მე კი მაქვს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე იოანესია, რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, მოწმობენ ჩემზე, რომ მამამ მომავლინა.
[37] და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობდა ჩემზე, თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც ხატი გიხილავთ მისი.
[38] მისი სიტყვა არა გაქვთ შეწყნარებული, რადგან არა გწამთ მისი, რომელიც მან მოავლინა.
[39] იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ.
[40] თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეთ.
[41] დიდებას არ ვღებულობ კაცთაგან,
[42] მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში.
[43] მე მოვედი მამაჩემის სახელით და არ მღებულობთ. სხვა ვინმე თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ.
[44] როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისაგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას ერთადერთი ღვთისაგან არ ეძებთ?
[45] ნუ გგონიათ, რომ მამის წინაშე მე დაგდებთ ბრალს. თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიცა გაქვთ.
[46] რადგან, თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემზე დაწერა.
[47] ხოლო, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, როგორ იწამებთ ჩემს სიტყვებს?“