[1] ეს ილაპარაკა იესომ და ცას მიაპყრო თვალები და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.
[2] რადგან მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
[3] ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე – იესო ქრისტეს.
[4] მე განგადიდე მიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა.
[5] ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სოფლის გაჩენამდე.
[6] შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი სოფლისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, შენი სიტყვა დაიცვეს მათ.
[7] ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.
[8] რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან წამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
[9] მათთვის გევედრები: სოფლისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი.
[10] ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი – ჩემი. და მე მათში განვდიდდი.
[11] მე აღარა ვარ სოფელში, მაგრამ ისინი არიან სოფელში. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ესენი, რომლებიც შენ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ.
[12] როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, მე დავიფარე, და მათგან არავინ დაღუპულა, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი.
[13] ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას სოფელში ვლაპარაკობ, რათა აივსნენ ჩემი სიხარულით.
[14] მე მათ მივეცი შენი სიტყვა და სოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან სოფლისანი, როგორც მე არა ვარ სოფლისა.
[15] არ გევედრები, რომ სოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან.
[16] ისინი სოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ სოფლისა.
[17] განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.
[18] როგორც შენ მომავლინე სოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი სოფელში.
[19] ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებაში.
[20] „მე მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით.
[21] რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი – შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, რომ შენ მომავლინე.
[22] და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი.
[23] მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში და რათა იცოდეს სოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
[24] მამაო, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან შემიყვარე სოფლის დაფუძნებამდე.
[25] მამაო მართალო, სოფელმა არ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე.
[26] მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო.“