Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:17

[1] „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია.

[2] ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.

[3] თქვენ უკვე განწმედილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით.

[4] თქვენ ჩემში დარჩით, მე კი – თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით.

[5] მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ.

[6] ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება.

[7] თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

[8] ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით.

[9] „როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში.

[10] თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში.

[11] ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს.

[12] ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.

[13] იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.

[14] თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ.

[15] მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, თქვენ გამცნეთ.

[16] თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ თქვენ.

[17] ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.

[18] „თუ თქვენ სოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.

[19] თქვენ რომ სოფლისანი ყოფილიყავით, სოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ სოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ სოფლიდან, ამიტომ სძულხართ სოფელს.

[20] გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.

[21] მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.

[22] მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა. ახლა კი არა აქვთ პატიება თავიანთი ცოდვებისათვის.

[23] ჩემს მოძულეს ჩემი მამაც სძულს.

[24] მე რომ არ გამეკეთებინა მათ შორის საქმეები, რაომელნიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვაც აღარ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და ჩემი მამაც.

[25] მაგრამ აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: ‘უმიზეზოდ შემიძულეს.’

[26] როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან – ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.

[27] თქვენც დაამოწმებთ, ვინაიდან თავიდანვე ჩემთანა ხართ.

იოანეს სახარება — Chapters