Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 6:25

[1] პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც იესომ აღადგინა მკვდრეთით.

[2] გაუმართეს მას პურობა იქ და მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო.

[3] მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო.

[4] ამბობს იუდა ისკარიოტელი, ერთი მისი მოწაფეთაგანი, რომელსაც უნდოდა გაეცა იგი:

[5] „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“

[6] ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და, რასაც ჩაყრიდნენ, იღებდა.

[7] უთხრა იესომ: „დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა იგი.

[8] რადგან ღარიბები ყოველთვის თქვენთანა გყავთ, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით.“

[9] გაიგო დიდძალმა ხალხმა იუდეველთაგან, რომ ის იქ იყო, და მივიდნენ არა მარტო იესოს გულისთვის, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა.

[10] გადაწყვიტეს მღვდელმთავრებმა ლაზარეც მოეკლათ,

[11] რადგან მის გამო ბევრი იუდეველი მოდიოდა და ერწმუნებოდა იესოს.

[12] მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იესო იერუსალიმში მიდიოდა.

[13] აიღეს პალმის რტოები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, და მეფე ისრაელისა!“

[14] იპოვა იესომ ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:

[15] „ნუ გეშინია, სიონის ასულო; აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი.“

[16] ეს ვერ გაიგეს მოწაფეებმა პირველად, მაგრამ, როცა იესო განდიდდა, მაშინ გაიხსენეს, რომ ეს მასზე იყო დაწერილი და ასე მოექცნენ მას.

[17] ემოწმებოდა ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა ლაზარე საფლავიდან გამოიხმო და მკვდრეთით აღადგინა.

[18] ამიტომ შეეგება მას ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა.

[19] ფარისეველებმა კი ერთმანეთს უთხრეს: „ხედავთ, რომ ვეღარაფერს ხდებით? მთელი ქვეყანა მას მიჰყვება.“

[20] იყვნენ იქ ბერძნებიც ამოსულთაგან, რომ თაყვანი ეცათ დღესასწაულზე.

[21] მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, სთხოვეს და უთხრეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.“

[22] ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა. შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ უთხრეს იესოს.

[23] იესომ მიუგო მათ და უთხრა: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა.

[24] ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.

[25] ვისაც თავისი სული უყვარს, კარგავს მას. ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ სოფელში, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.

[26] ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.

[27] ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან! თუმცა ამისთვის მოვედი ამ ჟამს.

[28] მამაო, განადიდე სახელი შენი!“ მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ.“

[29] იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, ქუხილიაო. სხვებმა კი თქვეს, ანგელოზი ელაპარაკებოდაო.

[30] მიუგო იესომ და თქვა: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.

[31] ახლაა ამ სოფლის სამსჯავრო. ამ სოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება.

[32] და როცა ავმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ.“

[33] ამას იმის მისანიშნებლად ლაპარაკობდა, თუ როგორი სიკვდილით აპირებდა სიკვდილს.

[34] მიუგო მას ხალხმა: „რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო. ვინაა ეს ძე კაცისა?“

[35] უთხრა მათ იესომ: „კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.

[36] სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა.“ ეს ილაპარაკა იესომ და წავიდა, და მათ თვალს მიეფარა.

[37] ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნენ მას,

[38] რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?“

[39] იმიტომაც ვერ ირწმუნეს, რომ, როგორც კიდევ თქვა ესაიამ:

[40] „მან თვალები დაუბრმავა მათ და გული დაუხშო, რათა თვალებით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი.“

[41] ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება, და ლაპარაკობდა მასზე.

[42] თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ.

[43] რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება.

[44] იესომ შესძახა და თქვა: „ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა,

[45] და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.

[46] მე ნათელი მოვედი სოფელში, რომ არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს.

[47] თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან სოფლის განსაკითხად კი არ მოვედი, არამედ სოფლის სახსნელად.

[48] ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.

[49] რადგან მე ჩემით კი არ მილაპარაკია, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.

[50] და მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ.“

იოანეს სახარება — Chapters