[1] როცა შეიტყო იესომ, რომ ფარისევლებს გაგებული ჰქონდათ, იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო,
[2] (თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები),
[3] დატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა.
[4] მას სამარიაზე უნდა გაევლო.
[5] მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ეწოდება, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა თავის ძეს იოსებს.
[6] იქ იყო იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
[7] მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. ეუბნება მას იესო: „წყალი დამალევინე,“
[8] რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმელის საყიდლად.
[9] ეუბნება მას სამარიელი ქალი: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს, დამალევინეო?“ (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.)
[10] მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ რომ იცოდე რას იძლევა ღმერთი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს.“
[11] ეუბნება მას ქალი: „ბატონო, არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?
[12] ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა, და თვითონაც აქედან სვამდა, მისი შვილებიც და მისი საქონელიც?“
[13] მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ამ წყლის შემსმელს, კვლავ მოსწყურდება.
[14] ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.“
[15] ეუბნება მას ქალი: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.“
[16] ეუბნება მას: „წადი, დაუძახე შენს ქმარს და მოდი აქ.“
[17] მიუგო ქალმა და უთხრა: „მე არ მყავს ქმარი.“ ეუბნება მას იესო: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო,
[18] რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი.“
[19] ეუბნება მას ქალი: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
[20] ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს.“
[21] ეუბნება მას იესო: „ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.
[22] თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა.
[23] მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
[24] ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით.“
[25] ეუბნება მას ქალი: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს.“
[26] ეუბნება მას იესო: „მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკება.“
[27] ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.
[28] დატოვა თავისი ჭურჭელი ქალმა და წავიდა ქალაქში და ეუბნება ადამიანებს:
[29] „წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?“
[30] გამოვიდნენ ქალაქიდან და გაემართნენ მისკენ.
[31] ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: „რაბი, ჭამე!“
[32] მან უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით.“
[33] ამიტომ მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?“
[34] ეუბნება მათ იესო: „ჩემი საჭმელია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.
[35] განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე და დადგება მკა? აჰა, მე გეუბნებით თქვენ: აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
[36] მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ.
[37] ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ერთი თესავს და სხვა იმკისო.
[38] მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ ნამუშაკევში შეხვედით.“
[39] ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.
[40] ამიტომ, როცა მოვიდნენ მასთან სამარიელები, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და იგი ორ დღეს დარჩა იქ.
[41] კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვით.
[42] ქალს უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშარიტად ის არის სოფლის მხსნელი.“
[43] ორი დღე რომ გავიდა, წამოვიდა იქიდან გალილეაში.
[44] რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი.
[45] როცა გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
[46] ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია. და იყო იქ ერთი მეფის მოხელე, რომელსაც შვილი ჰყავდა ავად კაპერნაუმში.
[47] როგორც კი გაიგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რადგან სიკვდილის პირას იყო.
[48] უთხრა იესომ მას: „არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ.“
[49] ეუბნება მას მეფის მოხელე: „უფალო, წამოდი, სანამ ჩემი ბავშვი არ მომკვდარა.“
[50] ეუბნება მას იესო: „წადი, ცოცხალია შენი შვილი.“ ირწმუნა კაცმა, რაც იესომ უთხრა მას, და წავიდა.
[51] შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ მას და უთხრეს, რომ ცოცხალია მისი ვაჟი.
[52] ჰკითხა, თუ რომელ საათზე გამომჯობინდა. უთხრეს, რომ გუშინ მეშვიდე საათზე გაუარაო სიცხემ.
[53] ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის საათი იყო, როცა იესომ უთხრა: „ცოცხალია შენი შვილი.“ და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლმა.
[54] ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.