[1] მიმავალმა დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა.
[2] და შეეკითხნენ მოწაფეები: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“
[3] მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში.
[4] ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა. მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას.
[5] სანამ სოფელში ვარ, სოფლის ნათელი ვარ.“
[6] ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას.
[7] უთხრა მას: „წადი და მოიბანე შილოახის საბანელში“ (რაც ნიშნავს, მოვლინებულს). წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.
[8] მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: „ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“
[9] ერთნი ამბობდნენ: ეს სწორედ ისააო. სხვებმა თქვეს: არა, მაგრამ იმასა ჰგავსო. მან კი თქვა: მე ვარო.
[10] მაშინ უთხრეს მას: „როგორ აგეხილა თვალები?“
[11] მიუგო მან: „კაცმა, იესო რომ ჰქვია, მოზილა ტალახი, წამისვა თვალებზე და მითხრა: ‘წადი შილოახს და მოიბანე.’ წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები.“
[12] და უთხრეს მას: „სადაა იგი?“ ამბობს: „არ ვიცი.“
[13] მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, წინათ რომ ბრმა იყო.
[14] შაბათი იყო ის დღე, იესომ რომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა.
[15] კვლავ ჰკითხეს მას ფარისევლებმაც, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: „ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.“
[16] თქვეს ზოგიერთებმა ფარისეველთაგან: „ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რაკი შაბათს არ ინახავს.“ სხვებმა კი თქვეს: „როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ და იყო მათ შორის განხეთქილება.
[17] კვლავ ეუბნებიან ბრმას: „შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?“ მან თქვა, რომ წინასწარმეტყველიაო იგი.
[18] არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს.
[19] და ჰკითხეს მათ: „ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“
[20] მიუგეს მისმა მშობლებმა და თქვეს: „ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა,
[21] მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით. ხომ სრულწლოვანია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე.“
[22] ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რადგან ეშინოდათ იუდეველებისა. ვინაიდან უკვე შეთქმულიყვნენ იუდეველები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას ქრისტედ აღიარებდა.
[23] ამიტომ უთხრეს მშობლებმა: სრულწლოვანია, მას ჰკითხეთო.
[24] მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო, და უთხრეს: „მიაგე დიდება ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი.“
[25] მიუგო მან: „არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ.“
[26] კვლავ უთხრეს მას: „რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?“
[27] მიუგო მათ: „მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?“
[28] მათ გალანძღეს იგი და თქვეს: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ.
[29] ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ამაზე კი არაფერი ვიცით, საიდანაა იგი.“
[30] მიუგო კაცმა და უთხრა მათ: „საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მან კი თვალები ამიხილა.
[31] ჩვენ კი ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ, ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს.
[32] საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს.
[33] ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა.“
[34] მიუგეს და უთხრეს მას: „შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს იგი.
[35] გაიგო იესომ, რომ გარეთ გააგდეს იგი, მონახა და უთხრა მას: „შენ გწამს ძე კაცისა?“
[36] მიუგო მან და თქვა: „ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“
[37] უთხრა იესომ: „შენ გინახავს იგი და, ვინც შენ გელაპარაკება, ისაა.“
[38] მან თქვა: „მწამს, უფალო.“ და თაყვანი სცა მას.
[39] და თქვა იესომ: „განსაკითხავად მოვედი ამ სოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ.“
[40] გაიგონა მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა ეს და უთხრა მას: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“
[41] უთხრა მათ იესომ: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა გრჩებათ.“