Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:51

[1] ეს თქვა იესომ და გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გაღმა, სადაც ბაღი იყო, რომელშიც შევიდნენ თვითონ და მისი მოწაფეები.

[2] იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ.

[3] იუდამ კი წაიყვანა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან მხლებელნი, და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურველით.

[4] იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა, და გამოვიდა და უთხრა მათ: „ვის ეძებთ?“

[5] მიუგეს მას: „იესო ნაზარეველს.“ ეუბნება მათ: „მე ვარ.“ მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.

[6] როცა უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხენ.

[7] კვლავ ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველს.“

[8] მიუგო იესომ: „გითხარით, მე ვარ-მეთქი. მე თუ მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ.“

[9] რათა აღსრულებულიყო მისი ნათქვამი სიტყვა: „ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიღუპავს.“

[10] სიმონ-პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, ამოიღო და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოსი ერქვა.

[11] უთხრა იესომ პეტრეს: „ჩააგე მახვილი ქარქაშში. სასმისი, რომელიც მამამ მომცა არ შევსვა?“

[12] მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მხლებლებმა, შეიპყრეს იესო და შეკრეს

[13] და პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს.

[14] ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.

[15] იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად მღვდელმთავრის ეზოში შევიდა.

[16] პეტრე კი კარს გარეთ იდგა. შემდეგ სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, გამოვიდა, გადაულაპარაკა მეკარე ქალს და პეტრე შეიყვანა.

[17] ეუბნება პეტრეს მხევალი მეკარე: „განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?“ ეუბნება იგი: „არა ვარ.“

[18] იდგნენ მონები და მსახურნი და ნაკვერცხლები გაეღვივებინათ, რადგან სიცივე იყო, და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა.

[19] მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებზე და მის მოძღვრებაზე.

[20] მიუგო მას იესომ: „მე აშკარად ველაპარაკებოდი სოფელს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი მილაპარაკია.

[21] მე რას მეკითხები, ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი.“

[22] ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა მსახურთაგანმა, იქ მდგომმა, გაარტყა იესოს და უთხრა: „ასე პასუხობ მღვდელმთავარს?“

[23] მიუგო იესომ: „თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად – რადა მცემ?“

[24] ანამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან.

[25] სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. უთხრეს მას: „შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?“ უარყო და თქვა: „არა ვარ.“

[26] მღვდელმთავრის ერთერთმა მონამ, პეტრემ რომ ყური ჩამოათალა, იმის ნათესავმა, უთხრა: „განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?“

[27] პეტრემ კვლავ უარყო და მყისვე მამალმა იყივლა.

[28] კაიაფასგან იესო პრეტორიუმში წაიყვანეს. ადრე იყო და პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.

[29] გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და თქვა: „რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?“

[30] მიუგეს და უთხრეს მას: „ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით.“

[31] უთხრა მათ პილატემ: „წაიყვანეთ თქვენთან და თქვენი რჯულით განიკითხეთ.“ უთხრეს მას იუდეველებმა: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს.“

[32] რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.

[33] პილატე კვლავ შევიდა პრეტორიუმში, იესოს დაუძახა და უთხრა მას: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“

[34] მიუგო იესომ: „შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?“

[35] მიუგო პილატემ: „განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა გაქვს ჩადენილი?“

[36] მიუგო იესომ: „ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა. ჩემი მეფობა რომ ამ სოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებელნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი მეფობა სააქაო არ არის.“

[37] უთხრა მას პილატემ: „მაშ, მეფე ხარ?“ მიუგო იესომ: „შენ თავად ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი სოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას.“

[38] ეუბნება მას პილატე: „რა არის ჭეშმარიტება?“ ეს თქვა და კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: „ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.

[39] ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“

[40] კვლავ აყვირდნენ და თქვეს: „ეს კი არა, ბარაბა.“ ბარაბა კი ავაზაკი იყო.

იოანეს სახარება — Chapters