Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:58

[1] „ეს ყველაფერი გელაპარაკეთ, რათა არ დაბრკოლდეთ.

[2] სინაგოგიდან მოგკვეთენ, მაგრამ მოდის ჟამიც, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება.

[3] ასე მოგექცევიან, რადგან არ იცნეს არც მამა, არც მე.

[4] მაგრამ ეს გელაპარაკეთ, რათა, როცა მოვა ჟამი, გაიხსენოთ, რომ მე გითხარით. ეს არ მითქვამს თავიდანვე, რადგან თქვენთან ვიყავი.

[5] ახლა მივდივარ მასთან, ვინც მე მომავლინა, და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება: ‘საით მიდიხარ შენ?’

[6] მაგრამ მწუხარებით აღივსო თქვენი გული, ეს რომ გითხარით.

[7] მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ.

[8] და როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო,

[9] ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს,

[10] სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ,

[11] განკითხვის გამო, რომ მთავარი ამ სოფლისა განკითხულია.

[12] კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ.

[13] როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.

[14] იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.

[15] ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.

[16] „ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მე მამასთან მივდივარ.“

[17] ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: „ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთო. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მამასთან მივდივარო?“

[18] ასე ლაპარაკობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაცო? არ ვიცით, რას ამბობსო.

[19] მიხვდა იესო, რომ უნდოდათ მისთვის ეკითხათ, და უთხრა მათ: „იმიტომ ეკითხებით ერთმანეთს, მე რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ, და კიდევ ცოტაც და, მიხილავთ-მეთქი?

[20] ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივალალებთ, სოფელი კი გაიხარებს. თქვენ დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა.

[21] დედაკაცი მშობიარობისას წუხს, რადგან მისი ჟამი დადგა. ხოლო ბავშვს რომ გააჩენს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა სოფელში.

[22] თქვენც დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ.

[23] „იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ.

[24] აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.

[25] ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის ჟამი, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ.

[26] იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, ამიტომაც არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის.

[27] ვინაიდან თვით მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოვედი.

[28] მამისგან გამოვედი და სოფელში მოვედი. კვლავ ვტოვებ სოფელს და მივდივარ მამასთან.“

[29] უთხრეს მისმა მოწაფეებმა: „აჰა, ახლა პირდაპირ ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ.

[30] ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს. ამის გამო გვწამს, რომ ღვთისგან გამოხვედი.“

[31] მიუგო მათ იესომ: „ახლა გწამთ?

[32] აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როცა ყველა სათითაოდ გაიფანტება. მე დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, ვინაიდან მამაა ჩემთან.

[33] ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.“

იოანეს სახარება — Chapters