[1] ამის შემდეგ იესო გალილეაში მიმოდიოდა, რადგან იუდეაში არ სურდა სიარული, რაკი იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ.
[2] ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული, კარვობა.
[3] უთხრეს მას მისმა ძმებმა: „წადი აქედან და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ,
[4] რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე სოფელს.“
[5] რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
[6] ეუბნება მათ იესო: „ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა, თქვენი დრო კი მუდამ მოწეულია.
[7] სოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია.
[8] თქვენ ადით დღესასწაულზე. მე კი არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა.“
[9] ეს რომ უთხრა, დარჩა გალილეაში.
[10] მაგრამ როცა მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ, მაშინ თვითონაც ავიდა, მხოლოდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
[11] იუდეველნი კი ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?
[12] ხალხში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე: ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო. მეორენი ამბობდნენ, არა, ხალხს აცდუნებსო.
[13] ოღონდ ცხადად არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ.
[14] უკვე შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
[15] გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: როგორ იცის წერილები უსწავლელადო?
[16] მიუგო მათ იესომ და თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
[17] ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ – ღვთისგანაა თუ ჩემით ვლაპარაკობ.
[18] ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში.
[19] განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?“
[20] მიუგო ხალხმა: „ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?“
[21] მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
[22] მოსემ მოგცათ წინადაცვეთა, თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა – და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
[23] თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მრისხავთ იმის გამო, რომ მთელი ხალხი განვკურნე შაბათს?
[24] ნუ განიკითხავთ გარეგნობით, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ.“
[25] თქვეს ზოგიერთებმა იერუსალიმელთაგან: „ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
[26] აჰა, აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ იგი ნამდვილად ქრისტეა?
[27] მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, საიდანაცაა იგი. ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის.“
[28] შესძახა იესომ ტაძარში სწავლებისას და თქვა: „მე მიცნობთ და იცით, საიდან ვარ. ჩემით არ მოვსულვარ. მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
[29] მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა.“
[30] ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ დამდგარიყო.
[31] ხალხიდან ბევრი ერწმუნა მას და თქვეს: „როცა ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?“
[32] მოისმინეს ფარისევლებმა ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმა მასზე და მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა.
[33] თქვა იესომ: „მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ ჩემს მომავლინებელთან.
[34] ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით. სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ.“
[35] უთხრეს ერთმანეთს იუდეველებმა: „სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძნეთა შორის განთესილებთან ხომ არ წავა და ბერძნებს ხომ არ დაუწყებს სწავლას?
[36] ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?“
[37] დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შესვას.
[38] ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“
[39] ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ განდიდებული არ იყო.
[40] ხალხიდან ბევრმა ამ სიტყვების გაგონებაზე თქვა: „ეს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია.“
[41] სხვებმა თქვეს: „ეს ქრისტეა.“ სხვები ამბობდნენ: „განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
[42] განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?“
[43] და ჩამოვარდა ხალხში განხეთქილება მის გამო.
[44] ზოგიერთ მათგანს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა.
[45] მივიდნენ მსახურნი მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან და მათ უთხრეს: „რატომ არ მოიყვანეთ იგი?“
[46] მიუგეს მსახურებმა: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს.“
[47] მიუგეს მათ ფარისევლებმა: „ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
[48] ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი?
[49] მაგრამ ეს ხალხი, რჯულის უმეცარი, დაწყევლილია.“
[50] ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც ღამით მივიდა მასთან და ერთი იმათთაგანი იყო:
[51] „განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა?“
[52] მიუგეს და უთხრეს მას: „შენც გალილეიდან არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება.“
[53] ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ.