Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:39

[1] „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია იგი და ავაზაკი.

[2] ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი.

[3] მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი.

[4] როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან სცნობს მის ხმას.

[5] უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ სცნობს.“

[6] ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.

[7] კვლავ უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.

[8] ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია, და ცხვარმა არ უსმინა მათ.

[9] მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა და გამოვა და ჰპოვებს საძოვარს.

[10] „ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.

[11] მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის.

[12] მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს.

[13] მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე.

[14] მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე,

[15] როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის.

[16] მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.

[17] იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი.

[18] ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული.“

[19] ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის.

[20] თქვა ბევრმა მათგანმა: „ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას?“

[21] სხვებმა თქვეს: „ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეძლებს ეშმაკი, ბრმას თვალი აუხილოს?“

[22] მაშინ სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში. ზამთარი იდგა.

[23] და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის სტოაში.

[24] შემოეხვივნენ მას იუდეველნი და უთხრეს: „როდემდე უნდა გვაეჭვებდე? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ცხადად.“

[25] მიუგო მათ იესომ: „გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, ჩემი მამის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!

[26] მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისანი არა ხართ, როგორც გითხარით.

[27] ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან.

[28] მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.

[29] ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია, და ვერავინ გაიტაცებს მათ ჩემი მამის ხელიდან.

[30] მე და მამა ერთი ვართ.“

[31] კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად.

[32] მიუგო მათ იესომ: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“

[33] მიუგეს მას იუდეველებმა: „კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს.“

[34] მიუგო მათ იესომ: „განა თქვენს რჯულში არ სწერია, რომ ‘მე ვთქვი: თქვენ ღმერთები ხართ?’

[35] თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა,

[36] მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა სოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი: ღვთის ძე ვარ-მეთქი?

[37] თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით.

[38] და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ.“

[39] კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ დაუსხლტა მათ ხელიდან.

[40] წავიდა კვლავ იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე, და იქ დარჩა.

[41] ბევრნი მიდიოდნენ მასთან და ამბობდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტი იყოო.

[42] და იქ ბევრი ერწმუნა მას.

იოანეს სახარება — Chapters