Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:22

[1] მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს დედაც იქ იყო.

[2] იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში.

[3] და როცა ღვინო შემოაკლდათ, ეუბნება იესოს დედამისი: „ღვინო აღარა აქვთ.“

[4] ეუბნება მას იესო: „რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა.“

[5] ეუბნება დედამისი მსახურებს: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.“

[6] იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმედისთვის. თითოში ორი თუ სამი საწყაული ჩადიოდა.

[7] ეუბნება მათ იესო: „დაავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები.“ და მათაც დაავსეს პირთამდე.

[8] და ეუბნება მათ: „ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!“ და მიართვეს.

[9] როცა სუფრის გამრიგემ გემო უნახა ღვინოდ ქცეულ წყალს (არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს

[10] და ეუბნება მას: „ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს.“

[11] ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა.

[12] ამის შემდეგ ჩავიდნენ კაპერნაუმს ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები. და იქ დარჩნენ რამდენიმე დღეს.

[13] ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს.

[14] ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე მეკერმენი.

[15] გააკეთა საბლის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, კერმის გადამცვლელებს კერმა დაუბნია და დახლები აუყირავა.

[16] მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და ჩემი მამის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად.“

[17] გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: „შენი სახლის შური შემჭამს მე.“

[18] მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“

[19] მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.“

[20] უთხრეს იუდეველებმა: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“

[21] ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა.

[22] როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ თქვა.

[23] ხოლო, როცა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი.

[24] თვითონ იესო არ ენდობოდა მათ, ვინაიდან ყველას იცნობდა.

[25] არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა კაცის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო კაცში.

იოანეს სახარება — Chapters