[1] მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა.
[2] ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, და ძოწეული მოახურეს.
[3] მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“ და სახეში სცემდნენ.
[4] კვლავ გამოვიდა პილატე გარეთ და უთხრა მათ: „აჰა, მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.“
[5] გამოვიდა იესო გარეთ, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი, და უთხრა მათ პილატემ: „აჰა, კაცი!“
[6] როცა იხილეს იგი მღვდელმთავრებმა და მხლებლებმა, იყვირეს: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თავად წაიყვანეთ და აცვით ჯვარს, ვინაიდან მე ვერ ვპოულობ მასში ბრალს.“
[7] მიუგეს მას იუდეველებმა: „ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულით უნდა მოკვდეს, ვინაიდან თავი ღვთის ძედ გაიხადა.“
[8] როცა მოისმინა პილატემ ეს სიტყვა, უფრო შეეშინდა,
[9] კვლავ შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: „საიდან ხარ?“ მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა მას.
[10] ეუბნება მას პილატე: „მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს შენს განტევებაზე და შენს ჯვარცმაზე?“
[11] მიუგო იესომ: „არავითარი ხელმწიფება არ გექნება ჩემზე, მაღლიდან თუ არ მოგეცა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ, უფრო დიდი ცოდვა აქვს.“
[12] ამის შემდეგ პილატე შეეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: „თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა, რადგან, ვინც მეფედ ხდის თავს, კეისარს ეურჩება.“
[13] პილატემ რომ ეს სიტყვები მოისმინა, იესო გარეთ გაიყვანა და დაჯდა მსაჯულის ტახტზე, ადგილზე, რომელსაც ქვაფენილი ეწოდებოდა, ებრაულად კი გაბათა.
[14] პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი, და უთხრა იუდეველებს: „აჰა, თქვენი მეფე.“
[15] მათ კი იყვირეს: „შორს, შორს! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?“ მიუგეს მღვდელმთავრებმა: „ჩვენ არ გვყავს მეფე, გარდა კეისრისა!“
[16] მაშინ გადასცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო.
[17] თავად მოიკიდა ჯვარი და გავიდა თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია,
[18] სადაც ჯვარს აცვეს იგი, მასთან ერთად, აქეთ-იქით, ორი სხვა, შუაში კი – იესო.
[19] პილატემ წარწერაც გააკეთებინა ფიცარზე და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: „იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე“.
[20] ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად.
[21] უთხრეს პილატეს იუდეველმა მღვდელმთავრებმა: „ნუ დაწერ: ‘იუდეველთა მეფე’, არამედ, როგორც თავად თქვა: ‘იუდეველთა მეფე ვარ’.“
[22] მიუგო პილატემ: „რაც დავწერე, დავწერე.“
[23] ჯარისკაცებმა, როცა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და გაყვეს ოთხ წილად, თითოეულ ჯარისკაცს შეხვდა თითო წილი, და ცალკე იყო კვართი. კვართი კი უკერველი იყო, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი.
[24] უთხრეს ერთმანეთს: „ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება.“ რათა აღსრულებულიყო წერილი: „გაინაწილეს ჩემი სამოსელი და წილი ჰყარეს ჩემს კვართზე.“ ჯარისკაცებმაც ასე გააკეთეს.
[25] იდგნენ იესოს ჯვართან დედამისი, დედამისის და – მარიამ კლეოპასი – და მარიამ მაგდალელი.
[26] იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: „ქალო, აჰა, შენი ძე!“
[27] მერე მოწაფეს ეუბნება: „აჰა, დედაშენი!“ და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი.
[28] ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი წერილის აღსასრულებლად, თქვა: „მწყურია!“
[29] იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს.
[30] როცა მიიღო ძმარი იესომ, თქვა: „აღსრულდა!“ და მიიდრიკა თავი და სული განუტევა.
[31] იუდეველებმა, რაკი პარასკევი იყო, და გვამები შაბათს რომ არ დარჩენილიყო ჯვარზე (ის შაბათი კი დიდი დღე იყო), სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.
[32] მოვიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც.
[33] იესოსთან მისულებმა, როცა დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები.
[34] მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი.
[35] მხილველმა დაამოწმა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ.
[36] რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „მისი ძვალი არ შეიმუსრება.“
[37] ასევე სხვა წერილიც ამბობს: „შეხედავენ მას, რომელსაც უგმირეს.“
[38] ამის შემდეგ სთხოვა პილატეს იოსებ არიმათიელმა, რომელიც იესოს მოწაფე იყო, ოღონდ ფარული, იუდეველთა შიშის გამო, ნება მიეცა მისთვის წაეღო იესოს ცხედარი. პილატემ დართო ნება. მივიდა იგი და წაიღო მისი ცხედარი.
[39] მოვიდა ნიკოდემოსიც, უწინ ღამით რომ ეწვია იესოს, და მოუტანა ასიოდე ლიტრა სმირნისა და ალოეს ნაზავი.
[40] აიღეს და შეახვიეს იესოს ცხედარი ტილოში სურნელებასთან ერთად, როგორც მიღებულია იუდეველებში დამარხვისას.
[41] იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი – ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ ჩაესვენებინათ.
[42] იქ ჩაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.