Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 7:15

[1] იყო ვინმე ავადმყოფი, ლაზარე ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის მართას სოფლიდან.

[2] ეს ის მარიამი იყო, უფალს რომ ნელსაცხებელი სცხო და ფეხები თავისი თმებით შეუმშრალა. მისი ძმა ლაზარე იყო ავად.

[3] გაუგზავნეს მისმა დებმა კაცი და შეუთვალეს: „უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა.“

[4] მოისმინა იესომ და უთხრა: „ეს სნეულება სასიკვდილო არ არის, არამედ ღვთის სადიდებლადაა, რათა მისით განდიდდეს ძე ღვთისა.“

[5] იესოს უყვარდა მართა, მისი და, და ლაზარე.

[6] როცა გაიგო, რომ ავად იყო, ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა.

[7] ამის შემდეგ ეუბნება მოწაფეებს: „ისევ იუდეაში წავიდეთ.“

[8] უთხრეს მას მოწაფეებმა: „რაბი, იუდეველები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?“

[9] მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ამ სოფლის ნათელს ხედავს.

[10] ღამით მოარული კი წაიბოძიკებს, რადგან ნათელი არ არის მასში.“

[11] ეს თქვა და მერე ეუბნება მათ: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ.“

[12] უთხრეს მოწაფეებმა მას: „უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება.“

[13] იესომ მის სიკვდილზე თქვა, მათ კი ეგონათ, რომ ბუნებრივ ძილზე ამბობდა.

[14] მაშინ უთხრა მათ იესომ გაცხადებით: „ლაზარე მოკვდა.

[15] მიხარია თქვენს გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. მაგრამ მოდით, წავიდეთ მასთან.“

[16] მაშინ თომამ, ტყუპის ცალად წოდებულმა, უთხრა თანამოწაფეებს: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ.“

[17] იესო მივიდა და ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღის დამარხული იყო.

[18] ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმიდან, ასე თხუთმეტი სტადიონის მანძილზე.

[19] ბევრი მივიდა იუდეველთაგან მართასთან და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ისინი ძმის გამო.

[20] რომ გაიგო მართამ, იესო მოდისო, შეეგება მას. მარიამი კი შინ იჯდა.

[21] მართამ უთხრა იესოს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა.

[22] მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს ღმერთი.“

[23] ეუბნება მას იესო: „აღდგება შენი ძმა.“

[24] ეუბნება მას მართა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს.“

[25] უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.

[26] ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?“

[27] ეუბნება მას: „ჰო, უფალო, მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა, ამ სოფლად მომავალი.“

[28] ეს რომ თქვა, წავიდა და თავის დას, მარიამს, მოუხმო და ჩუმად უთხრა: „მოძღვარი აქ არის და შენ გიხმობს.“

[29] როგორც კი გაიგონა, სასწრაფოდ წამოდგა და მივიდა მასთან.

[30] იესო ჯერ დაბაში არ იყო შესული, იმავე ადგილზე იდგა, სადაც მართა შეეგება.

[31] იუდეველებმა, რომლებიც მასთან იყვნენ სახლში და ანუგეშებდნენ, როცა დაინახეს, რომ მარიამი სასწრაფოდ წამოდგა და გავიდა, გაჰყვნენ უკან, ეგონათ, სამარხისკენ მიდიოდა სატირლად.

[32] მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და, რომ იხილა იგი, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა.“

[33] როცა იესომ დაინახა, რომ ტიროდა იგი და მასთან ერთად მოსული იუდეველებიც ტიროდნენ, შეიძრა სულით და აღელდა.

[34] უთხრა: „სად დაასვენეთ იგი?“ ეუბნებიან: „უფალო, მოდი და ნახე.“

[35] და აცრემლდა იესო.

[36] თქვეს იუდეველებმა: „ნახე, როგორ ჰყვარებია!“

[37] ზოგიერთმა მათგანმა კი თქვა: „ნუთუ ბრმის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ ეს არ მომკვდარიყო?“

[38] იესო კი, კვლავ შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული.

[39] ამბობს იესო: „აიღეთ ლოდი.“ ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: „უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ.“

[40] ეუბნება მას იესო: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?“

[41] აიღეს ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.

[42] მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ. მე მხოლოდ გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.“

[43] ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი!“

[44] და გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს.“

[45] მაშინ ბევრმა იუდეველთაგან, რომლებიც მოვიდნენ მარიამთან და იხილეს, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი.

[46] ზოგიერთი მათგანი კი წავიდა ფარისევლებთან და უთხრა, რაც მოახდინა იესომ.

[47] შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: „რა ვქნათ, რადგან ეს კაცი ბევრ სასწაულს ახდენს?

[48] თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც.“

[49] ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს, უთხრა მათ: „თქვენ არაფერი გაგეგებათ,

[50] ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს.“

[51] ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის მოკვდებოდა.

[52] და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღვთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად.

[53] იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი.

[54] აღარ უვლია იესოს იუდეველთა შორის გაცხადებულად, არამედ გაეცალა იქაურობას უდაბნოს მახლობელ მხარეში, ქალაქში, ეფრემი რომ ეწოდება, და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად.

[55] ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და ამ მხარიდან მრავალი ავიდა პასექამდე იერუსალიმში განსაწმედად.

[56] ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ‘როგორ ფიქრობთ, არ მოვა დღესასწაულზე?’

[57] მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა განკარგულებები გასცეს, რომ ვინც შეიტყობდა, სად იყო იგი, ეცნობებინა, რათა შეეპყროთ.

იოანეს სახარება — Chapters