Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:51

[1] რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.

[2] ყოველ ერთშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს, რამდენადაც ხეირი ნახოს, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება.

[3] ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ სცნობთ სანდოდ, იმათ მოვავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში.

[4] და თუ იქ ჩემი წასვლაც ღირს, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.

[5] ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მაკედონიაზე გავივლი, ვინაიდან მაკედონიაზე უნდა გავიარო.

[6] თქვენთან კი, შესაძლოა, გავჩერდე, ან იქნებ გამოვიზამთრო, რათა გამაცილოთ იქ, სადაც წავალ,

[7] ვინაიდან ახლა არ მინდა თქვენი ნახვა გავლით, არამედ ვიმედოვნებ რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ უფალი ინებებს.

[8] ხოლო ეფესოში დავრჩები ორმოცდამეათე დღემდე,

[9] ვინაიდან ჩემთვის ღიაა ღვაწლის ფართე კარი და მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.

[10] და თუ ტიმოთე მოვა, ეცადეთ, რომ უშიშრად იყოს თქვენთან, ვინაიდან ის უფლის საქმეს აკეთებს ისევე, როგორც მე.

[11] ამიტომ არავინ უგულებელყოს იგი. გამოისტუმრეთ მშვიდობით, რათა მოვიდეს ჩემთან, ვინაიდან ველოდები მას ძმებთან ერთად.

[12] რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწებოდი, რომ მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ არ ისურვა ახლა წამოსვლა. მაგრამ მოვა, როცა შეძლებს.

[13] იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით მამაცნი, გამაგრდით.

[14] ყოველივე თქვენი სიყვარულში იყოს.

[15] ხოლო შეგაგონებთ, ძმანო: ხომ იცით სტეფანას სახლობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია, და რომ მათ თავიანთი თავი მიუძღვნეს წმიდათა მსახურებას.

[16] თქვენც დაემორჩილეთ ასეთებს და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა.

[17] და აი, მიხარია სტეფანას, ფორტუნატეს და აქაიკოსის მოსვლა, ვინაიდან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა,

[18] და დაამშვიდეს ჩემი სულიც და თქვენიც. ამიტომ სცანით ასეთები.

[19] მოგიკითხავენ აზიის ეკლესიები. დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკილა და ასევე მათი საშინაო ეკლესია.

[20] მოგიკითხავთ ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.

[21] მოგიკითხავთ ჩემი, პავლეს, ხელით.

[22] ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, იყოს შეჩვენებული. მარანათა!

[23] ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან

[24] და ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანის მიმართ ქრისტე იესოში. ამინ.

პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters