Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:13

[1] და მეც მოვედი თქვენთან, ძმებო, მოვედი ღვთის მოწმობის საუწყებლად, არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით,

[2] რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი, და ისიც ჯვარცმულისა.

[3] და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშში და დიდ ძრწოლაში.

[4] და ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოცხადებით.

[5] რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.

[6] ოღონდ სიბრძნეს ვლაპარაკობთ სულიერად მოწიფულთა შორის, არა სოფლის სიბრძნეს, არც სოფლის მთავართა, წარმავალთა,

[7] არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს საიდუმლოებაში, დაფარულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის,

[8] რაც ვერავინ შეიცნო სოფლის მთავართაგან. ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს.

[9] მაგრამ, როგორც სწერია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.“

[10] ჩვენ კი გაგვიმხილა ღმერთმა თავისი სულით. ვინაიდან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღვთის სიღრმეებსაც.

[11] ვინაიდან, რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისა არავინ არაფერი იცის, გარდა ღვთის სულისა.

[12] ხოლო ჩვენ მივიღეთ არა სოფლის სული, არამედ სული ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ ღვთისაგან ჩვენთვის მონიჭებული.

[13] და ამას ვლაპარაკობთ არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან შესწავლილით. სულიერს სულიერით განვმარტავთ.

[14] აი, მიწიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი.

[15] ხოლო სულიერი განსჯის ყოველივეს, თავად კი არავისგან არ განისჯება.

[16] რადგან ვინ შეიცნო უფლის აზრი, რათა ასწავლოს მას? ჩვენ კი გვაქვს ქრისტეს აზრი.

პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters