[1] ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი, რომ იწინასწარმეტყველოთ.
[2] ვინაიდან, ვინც ენით ლაპარაკობს, ის ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, რადგან არავის ესმის. რადგან სულით ლაპარაკობს იგი საიდუმლოებებს.
[3] ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად, სანუგეშებლად და გასამხნევებლად.
[4] ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს.
[5] მე მსურს, რომ თქვენ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით. და უფრო მეტად, რომ წინასწარმეტყველებდეთ, ვინაიდან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ განმარტავს კიდეც, რათა ეკლესია აღშენდეს.
[6] ახლა კი, ძმანო, თუ მოვალ თქვენთან და ვილაპარაკებ ენებით, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ არ გეტყვით ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ან მოძღვრებით?
[7] ასევე უსულო საგნები, რომლებიც ხმას გამოსცემენ – სტვირი ან ებანი, თუ ხმებში არ იძლევიან განსხვავებებს, როგორ შეიცნობა, რას უკრავენ სტვირზე ან ებანზე.
[8] საყვირიც თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?
[9] ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნალაპარაკევი? ჰაერში ილაპარაკებთ.
[10] მაგალითად, რამდენი განსხვავებული სიტყვაა სოფელში და მათგან არც ერთი არ არის უმნიშვნელო.
[11] ამიტომ, თუ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის, ხოლო მოლაპარაკე – უცხო ჩემთვის.
[12] ასევე თქვენც, როცა ეშურებით სულიერ ნიჭებს, ეცადეთ იუხვოთ ეკლესიის აღსაშენებლად.
[13] ამიტომ ილოცოს ენით მოლაპარაკემ, რათა განმარტოს კიდეც.
[14] ვინაიდან, როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, ჩემი გონება კი უნაყოფოა.
[15] მაშ, რა ვქნათ? ვილოცებ სულით და გონებითაც ვილოცებ. ვიგალობებ სულით და გონებითაც ვიგალობებ.
[16] ვინაიდან, თუ სულით აკურთხებ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე უმეცართაგანი ვინმე, თუ არ ესმის, რას ამბობ შენ?
[17] აი, შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება.
[18] ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.
[19] მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე ათი ათასი სიტყვა – ენებით.
[20] ძმანო! ნუ იქნებით ბავშვები გონებით. მხოლოდ ბოროტებისათვის გახდით ბავშვები, გონებისთვის კი სრულწლოვანნი იყავით.
[21] რჯულში სწერია: „სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს და მაინც არ მომისმენენ მე, ამბობს უფალი.“
[22] ამიტომ ენა მორწმუნეთათვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. და წინასწარმეტყველება ურწმუნოთათვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის.
[23] და აი, თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ილაპარაკებენ ენებით და შემოვლენ უმეცარნი ან ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილები ხართო?
[24] მაგრამ, თუ ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უმეცარი, მას ყველა ამხელს და ყველა განსჯის,
[25] და ამრიგად გამომჟღავნდება მისი გულის დაფარულნი. ის დაემხობა ძირს, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორის არის ღმერთი.
[26] მაშ, რაღა, ძმანო? როცა თქვენ იკრიბებით, ყოველს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება – ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად.
[27] თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორ-ორმა, ან დიდი-დიდი სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს.
[28] თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს.
[29] წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ.
[30] თუ სხვას გამოეცხადება იქ მჯდომთაგანს, პირველი გაჩუმდეს,
[31] ვინაიდან ყველას სათითაოდ შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს.
[32] წინასწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინასწარმეტყველთ.
[33] ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობისაა, როგორც წმიდათა ყველა ეკლესიაში.
[34] დედაკაცებმა იყუჩონ ეკლესიებში, რადგან უფლება არა აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად იყვნენ, როგორც რჯულიც ამბობს.
[35] ხოლო თუ რამის შესწავლა სურთ, ჰკითხონ თავიანთ ქმრებს სახლში. ვინაიდან სამარცხვინოა დედაკაცისათვის ეკლესიაში ლაპარაკი.
[36] განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?
[37] თუ ვინმეს თავი წინასწარმეტყველი ეგონოს, ანდა სულიერი, დაე, გაიგოს, რომ რასაც მე თქვენა გწერთ, უფლის მცნებაა.
[38] ხოლო თუ ვინმე უვიცია, უვიცი იყოს.
[39] მაშ, ასე, ძმანო, ეშურეთ, რომ იწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ.
[40] ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს.