[1] ჩემი მომბაძავი იყავით, როგორც მე – ქრისტესი.
[2] ამისათვის გაქებთ თქვენ, ძმანო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს, როგორც გადმოგეცით.
[3] მაგრამ ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი – ქმარი და ქრისტეს თავი – ღმერთი.
[4] ყოველი მამაკაცი, რომელიც თავდაფარული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს ირცხვენს.
[5] და ყოველი დედაკაცი, რომელიც თავდაუფარავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, ვინაიდან ეს იგივეა, რომ გადაპარსული იყოს.
[6] ვინაიდან, თუ დედაკაცი თავს არ დაიფარავს, გადაიპარსოს. ხოლო თუ დედაკაცს რცხვენია, იყოს გაკრეჭილი ან გადაპარსული, თავდაფარული იყოს.
[7] ამგვარად, მამაკაცმა მართლაც არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა. ცოლი კი ქმრის დიდებაა.
[8] ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი – მამაკაცისაგან.
[9] ასევე მამაკაცი კი არ შექმნილა დედაკაცის გულისათვის, არამედ დედაკაცი – მამაკაცის გულისათვის.
[10] ამიტომ დედაკაცი ვალდებულია, თავზე ჰქონდეს ხელმწიფების ნიშანი ანგელოზების გულისათვის.
[11] თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში.
[12] ვინაიდან, ისევე, როგორც დედაკაცი მამაკაცისაგან არის, მამაკაციც დედაკაცის მეოხებით არის. ხოლო ყოველივე ღვთისაგან არის.
[13] თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის დედაკაცს ღვთის წინაშე თავდაუფარავად ლოცვა?
[14] ანდა, განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის?
[15] მაგრამ დედაკაცის გრძელთმიანობა დიდებაა მისთვის. გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული.
[16] და თუ ვინმე განიზრახავს იდაოს, ჩვენ არა გვაქვს ასეთი ჩვეულება, არც ღვთის ეკლესიებს.
[17] ხოლო ამას რომ გამცნებთ, არ გაქებთ, რომ იკრიბებით არა უმჯობესისათვის, არამედ უარესისათვის.
[18] ვინაიდან, ჯერ ერთი, გაგებული მაქვს, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფა არსებობს თქვენს შორის, რასაც ნაწილობრივ ვუჯერებ.
[19] ვინაიდან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ გამოცდილნი თქვენს შორის.
[20] როცა იკრიბებით ერთად, უფლის სერს არა ჭამთ.
[21] ვინაიდან ყველა წინასწარ ჭამს თავის საკუთარ სერს და ზოგი მშიერია და ზოგი მთვრალი.
[22] ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის არ გაქებთ.
[23] ვინაიდან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური,
[24] მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად.“
[25] ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ.“
[26] რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს.
[27] ამიტომ, ვინც შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.
[28] ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან.
[29] ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ არჩევს რა უფლის სხეულს.
[30] ამის გამო თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი, და ბევრიც მოკვდა.
[31] ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვეკითხა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი.
[32] ხოლო მსჯავრდადებულნი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რათა სოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი.
[33] ამიტომ, ჩემო ძმანო, როცა ერთად შეიკრიბებით საჭმელად, ერთიმეორეს დაელოდეთ.
[34] და თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრის დასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ.