[1] თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა.
[2] წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი.
[3] მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები.
[4] სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,
[5] არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს,
[6] არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს.
[7] ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.
[8] სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება, ცოდნა იყოს, გაუქმდება.
[9] ვინაიდან ნაწილობრივი ვიცით და ნაწილობრივს ვწინასწარმეტყველებთ.
[10] და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.
[11] როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვურად ვმსჯელობდი. როცა კაცი გავხდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე.
[12] ვინაიდან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი.
[13] ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული – ეს სამი. მათგან უდიდესი კი სიყვარულია.