[1] ხოლო იმის შესახებ, რაც თქვენ მომწერეთ: კაცისათვის კარგია, არ გაეკაროს დედაკაცს.
[2] მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს – თავისი ქმარი.
[3] ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს.
[4] ცოლი არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი. ასევე ქმარიც არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი.
[5] ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ მარხვისა და ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით.
[6] ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით.
[7] ვინაიდან მსურს, ყველა ადამიანი იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღვთისაგან, ზოგს ასეთი და ზოგს ისეთი.
[8] ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ.
[9] თუ თავს ვერ იკავებენ, იქორწინონ, ვინაიდან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე აღიგზნებოდნენ.
[10] ხოლო დაქორწინებულებს ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლი არ გაეყაროს ქმარს.
[11] ხოლო თუ გაეყრება, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ქმარი ნუ დატოვებს თავის ცოლს.
[12] სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს.
[13] დედაკაცი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ დატოვებს ქმარს.
[14] ვინაიდან ურწმუნო ქმარი განიწმიდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმიდება ქმრით. თორემ თქვენი შვილები არაწმიდები იქნებოდნენ, ახლა კი წმიდები არიან.
[15] მაგრამ თუ ურწმუნოს სურს გაყრა, გაეყაროს. ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისაკენ მოგვიწოდა ღმერთმა.
[16] ვინაიდან, რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?
[17] თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თვითოეული – როგორც უფალმა მოუწოდა. და ასე ვუწესებ მე ყოველ ეკლესიას.
[18] თუ რომელიმე მოწოდებული წინადაცვეთილია, ნუ დამალავს. თუ რომელიმე მოწოდებული წინადაუცვეთელია, ნუ წინადაიცვეთს.
[19] არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთლობა, არამედ ღვთის მცნებათა დაცვა.
[20] დაე, თითოეული დარჩეს იმ მოწოდებაში, რომლითაც მოუწოდეს.
[21] თუ მოწოდებული ხარ, როგორც მონა, ნუ ითაკილებ. მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია, ისარგებლო.
[22] ვინაიდან უფალში მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია. მსგავსადვე მოწოდებული თავისუფალი ქრისტეს მონაა.
[23] ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები.
[24] ძმანო, თითოეული იმ მოწოდებით დარჩეს ღვთის წინაშე, რომელშიც მოწოდებული იყო.
[25] უქორწინებელთა შესახებ არა მაქვს ბრძანება უფლისაგან. მხოლოდ ჩემს რჩევას გაუწყებთ, რადგან შემიწყალა უფალმა, რომ მისი სარწმუნო ვიყო.
[26] მე ვფიქრობ, რომ ახლანდელ გასაჭირში ადამიანისათვის უმჯობესია დარჩეს, როგორც არის.
[27] თუ შეერთებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ. ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ.
[28] ცოლიც რომ შეირთო, არ შესცოდავ. და, თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ და არ მეთმობით.
[29] ხოლო ამას გეტყვით ძმანო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი;
[30] მოტირალნი, როგორც არა მოტირალნი; მოხარულნი, როგორც არა მოხარულნი; მქონენი, როგორც არა მქონელნი;
[31] სოფლით მოსარგებლენი, როგორც არა მოსარგებლენი. ვინაიდან წარმავალია სოფლის სახე.
[32] მე მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს;
[33] ხოლო ცოლიანი სოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს.
[34] არის განსხვავება ქმრიანსა და ქალწულს შორის: ქალი, უქმრო და ქალწული, ზრუნავს უფლისაზე, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც. ქმრიანი კი სოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ქმარს.
[35] ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმისათვის, რომ მარყუჟი მოგდოთ, არამედ რათა ღირსეულად და წრფელად ემსახუროთ უფალს, შფოთის გარეშე.
[36] თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი დანიშნული ქალწული სიყმაწვილის ასაკს გადასცდა, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს. დაე, დაქორწინდნენ.
[37] ხოლო ვინც თავისი გულით მტკიცედ დგას და იძულებული არ არის, არამედ აქვს ხელმწიფება თავის ნებაზე და გადაწყვიტა თავის გულში თავისი ქალწულის დაცვა, კარგად იქცევა.
[38] ამიტომ, ვინც გაათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, და ვინც არ გაათხოვებს, უკეთესად იქცევა.
[39] ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი. ხოლო თუ ქმარი მოუკვდება, თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში.
[40] მაგრამ უფრო ნეტარია, თუ ასე დარჩება, ჩემი რჩევით. ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული.