Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 7:07

[1] გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ.

[2] რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნებთ.

[3] ვინაიდან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია,

[4] და რომ დამარხულ იქნა და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია,

[5] და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს.

[6] შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა.

[7] შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს.

[8] ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, გამომეცხადა მეც.

[9] ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღვთის ეკლესიას.

[10] მაგრამ ღვთის მადლით ვარ, რაცა ვარ. და მისი მადლი არ იყო ჩემს მომართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტს ვშრომობდი – არა მე, არამედ ღვთის მადლი, რომელიც ჩემთანაა.

[11] და აჰა, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ, და თქვენც ასე ირწმუნეთ.

[12] ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო?

[13] მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, ქრისტეც არ აღმდგარა.

[14] ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც.

[15] მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღვთის ცრუ მოწმენი, რადგან დავამოწმებდით ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები.

[16] რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა.

[17] ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.

[18] მაშინ ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს.

[19] და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ.

[20] მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთა ნათავარი.

[21] ვინაიდან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ – მკვდრეთით აღდგომა.

[22] ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.

[23] და თითოეული თავისი წესით: პირველად – ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი მისი მოსვლისას.

[24] მერე კი დასასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.

[25] ვინაიდან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევდეს თავის ყველა მტერს.

[26] ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.

[27] იმიტომ, რომ ყოველივე დაამორჩილა მის ფეხქვეშ. ხოლო როცა ნათქვამია, რომ ყოველივე მას დაემორჩილა, ცხადია, გარდა იმისი, რომელმაც მას დაუმორჩილა ყოველივე.

[28] და როცა ყოველივეს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.

[29] თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რატომ ინათლებიან მკვდართათვის?

[30] და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში?

[31] ვფიცავ თქვენდამი ჩემს სიქადულს, ძმანო, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოში მაქვს, რომ ყოველდღე ვკვდები.

[32] თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!“

[33] ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს.

[34] გამოფხიზლდით ჯეროვნად და ნუ სცოდავთ. ვინაიდან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.

[35] მაგრამ იტყვის ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენო?

[36] უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.

[37] და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც იქნება, არამედ შიშველ მარცვალს, ხორბლის იქნება თუ რომელიმე სხვისა.

[38] ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს, თითოეულ თესლს თავის სხეულს.

[39] ყოველი ხორცი ერთი ხორცი როდია, არამედ ადამიანის ხორცი სხვანაირია, ცხოველის ხორცი სხვანაირი, ფრინველის ხორცი სხვანაირი, თევზისა სხვანაირი.

[40] არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, მაგრამ ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა – სხვა.

[41] სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით.

[42] ასევე მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით.

[43] ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში.

[44] ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მიწიერი სხეული და არის სულიერი სხეული.

[45] ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ არსებად.“ ხოლო უკანასკნელი ადამი – მაცოცხლებელ სულად.

[46] მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მიწიერი და შემდეგ სულიერი.

[47] პირველი კაცი მიწისგანაა, მიწიერი, ხოლო მეორე კაცი – ცისაგან.

[48] და როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი.

[49] და როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც.

[50] ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძთ ღვთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნაც ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელებას.

[51] აი, მე საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით

[52] ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.

[53] ვინაიდან, ეს ხრწნადი უხრწნელებით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.

[54] ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელებით შეიმოსება და ეს მოკვდავი – უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით.“

[55] „სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“

[56] სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია.

[57] მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.

[58] ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე.

პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters