[1] პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე – ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, მთელ აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად:
[2] მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
[3] კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი.
[4] ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.
[5] რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი არიან მრავლად ჩვენში, ასევე მრავლდება ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ.
[6] და აჰა, თუ გასაჭირში ვართ, ეს თქვენი ნუგეშისცემისა და ხსნისათვის არის, რომელიც ხდება იმავე ტანჯვათა თმენით, რომლითაც ჩვენც ვიტანჯებით.
[7] მტკიცეა ჩვენი სასოება თქვენს მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ, როგორც ტანჯვათა მონაწილენი ხართ, ასევე ნუგეშისცემისაც.
[8] რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადავიტანეთ, რომ მეტისმეტად დაგვიმძიმდა, ვიდრე ამის მოთმენა შეგვეძლო.
[9] ხოლო ჩვენ თავად გვქონდა სასიკვდილო მსჯავრი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს,
[10] რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისაგან და გვიხსნის, რომლის იმედი გვაქვს, რომ კვლავაც გვიხსნის,
[11] თქვენი ჩვენდამი შეწევნითი ლოცვითაც, რათა მრავალმა შესწიროს მადლობა ჩვენთვის, რომ მოგვენიჭა მადლი მრავალთა შუამდგომლობით.
[12] რადგან ეს ჩვენი ქადილი არის ჩვენი სინდისის მოწმობა, რომ ჩვენ ღვთაებრივი სიწმიდით და გულწრფელობით ვიქცეოდით სოფელში. განსაკუთრებით თქვენთან, არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღვთის მადლით.
[13] ვინაიდან სხვას არაფერს გწერთ თქვენ, თუ არა იმას, რასაც კითხულობთ, ანდა შეიცნობთ და რასაც, როგორც ვიმედოვნებ, ბოლომდე შეიცნობთ.
[14] როგორც ნაწილობრივ შეგვიცანით ჩვენ, რომ ჩვენ თქვენი დიდება ვართ, ისევე როგორც თქვენ იქნებით ჩვენი უფლის იესოს დღეს.
[15] და ამ ნდობით მინდოდა ჯერ თქვენთან მოსვლა, რათა მეორედ მიგეღოთ მადლი,
[16] და თქვენთან გავლით წავიდე მაკედონიაში, ხოლო მაკედონიიდან კვლავ თქვენთან დავბრუნდე და თქვენ გამისტუმროთ იუდეაში.
[17] ნაჩქარევი ხომ არ იყო ჩემი განზრახვა? ან იქნებ, რაც განვიზრახე, ხორციელად განვიზრახე. ასე, რომ ჩემი „ჰო, ჰო“, იგივეა, რაც „არა, არა“?
[18] მაგრამ მოწმეა ღმერთი, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ჰოც და არაც,
[19] ვინაიდან ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით ჩვენ – მე, სილოანე და ტიმოთე, არ იყო „ჰოც“ და „არაც“, არამედ „ჰო“ იყო მასში,
[20] რადგან ღვთის ყველა აღთქმანი მასში „ჰო“ არის და მისით ითქმის „ამინი“ ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.
[21] ის, რომელიც თქვენთან ერთად გვამტკიცებს ქრისტეში და რომელმაც გვცხო ჩვენ, ღმერთია,
[22] რომელმაც აღგვბეჭდა კიდეც და მოგვცა ჩვენს გულებში სულის საწინდარი.
[23] და მე მოვუხმობ ღმერთს ჩემი სულის მოწმედ, რომ თქვენ გზოგავდით და აქამდე იმიტომ არ მოვდიოდი კორინთოში.
[24] არა იმიტომ, რომ ვიბატონოთ თქვენს რწმენაზე, არამედ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ.