[1] განა მე მოციქული არა ვარ? განა მე თავისუფალი არა ვარ? განა მე არ ვნახე ჩვენი უფალი იესო ქრისტე? განა თქვენ ჩემი ნაღვაწი არა ხართ უფალში?
[2] თუ სხვებისათვის არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, ვინაიდან ჩემი მოციქულობის ბეჭედი ხართ უფალში.
[3] აი, რა პასუხს გავცემ ჩემს მკიცხველებს:
[4] განა არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება?
[5] განა არა გვაქვს უფლება, დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც დანარჩენმა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ?
[6] თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება, რომ არ ვმუშაობდეთ?
[7] რომელ ჯარისკაცს უმსახურია ოდესმე საკუთარ ხარჯზე? ვინ რგავს ვაზს და მისი ნაყოფისაგან არა ჭამს? ვინ მწყესავს ფარას და ფარის რძეს პირს არ აკარებს?
[8] განა ადამიანურად არ ვლაპარაკობ ასე? განა რჯულიც ამასვე არ ამბობს?
[9] რადგან მოსეს რჯულში სწერია: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ ხარებზე ზრუნავს ღმერთი?
[10] თუ ნამდვილად ჩვენთვის ამბობს? დიაღაც ჩვენთვის სწერია. მხვნელმა უნდა ხნას იმედით, მლეწავმა კი – წილის იმედით.
[11] თუ სულიერი დაგითესეთ, განა დიდი ამბავია, რომ თქვენგან ხორციელი მოვიმკათ?
[12] თუ სხვებს ხელმწიფება აქვთ თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა? მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ხელმწიფება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას.
[13] ნუთუ არ იცით, რომ წმიდათა მსახურნი ტაძრისაგან ჭამენ? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს?
[14] ასევე უფალმა დაუწესა სახარების მქადაგებლებს სახარებისაგან ცხოვრება.
[15] ხოლო მე არც ერთი მათგანი არ გამომიყენებია. და ესეც იმიტომ კი არ დავწერე, რომ ასე ყოფილიყო ჩემთვის. ვინაიდან სიკვდილი მიჯობს, ვიდრე ვინმემ გააბათილოს ჩემი ქადილი.
[16] რადგან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ.
[17] ვინაიდან თუ სურვილით ვაკეთებ ამას, საზღაური მქონია, ხოლო თუ სურვილის გარეშე, მხოლოდ მნეობა მქონია მონდობილი.
[18] მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, შემიძლია ვიქადაგო უსასყიდლოდ და არ ვიყენებ ჩემს უფლებას ხარებაში.
[19] ვინაიდან, ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა.
[20] იუდეველთათვის გავხდი, როგორც იუდეველი, რათა იუდეველები შემეძინა. რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ უმყოფელი, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა.
[21] ურჯულოთათვის – როგორც ურჯულო, თუმცა არა ვარ ღმერთის ურჯულო, არამედ ქრისტეს რჯულიერი, რათა ურჯულოები შემეძინა.
[22] უძლურთათვის გავხდი უძლურივით, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მეხსნა როგორმე.
[23] და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისათვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე.
[24] განა არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ.
[25] ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადისა.
[26] ამიტომ მე გავრბივარ არა უმიზნოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვგვემდე.
[27] არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე.