[1] პავლე, იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღვთის ნებით და ძმა სოსთენი,
[2] ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმენდილთ, მოწოდებულ წმიდებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს, ყველა ადგილას – მათთან და ჩვენთან:
[3] მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
[4] მარადის ვმადლობ ღმერთს თქვენთვის, ღვთის მადლისათვის, რომელიც გებოძათ თქვენ ქრისტე იესოში,
[5] იმიტომ, რომ გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით,
[6] რადგან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში,
[7] ისე, რომ არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
[8] ვინც განგამტკიცებთ თქვენ ბოლომდე, რათა უმწიკვლო იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
[9] სარწმუნოა ღმერთი, რომლისგანაც იქენით მოწოდებულნი მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის.
[10] ხოლო მე შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით.
[11] რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმანო, ქლოეს ხალხისგან, რომ თქვენს შორის დავაა.
[12] მე ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
[13] განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ?
[14] მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპოსის და გაიოზისა,
[15] რათა ვინმემ არ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლეთ.
[16] მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი. მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე,
[17] რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ სანათლავად, არამედ სახარებლად – არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.
[18] ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.
[19] რადგან სწერია: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას არად ჩავაგდებ.“
[20] სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა?
[21] ვინაიდან, რაკი ღვთაებრივ სიბრძნეში ვერ იცნო ღმერთი სოფელმა თავისი სიბრძნით, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა ხსნა ქადაგების უგუნურებით.
[22] რადგან იუდეველნი მოითხოვენ სასწაულებს და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,
[23] ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას,
[24] ხოლო მოწოდებულთათვის – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ვქადაგებთ ქრისტეს – ღვთის ძალას და ღვთის სიბრძნეს.
[25] რადგან უგნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძენესია და უძლურება ღვთისა – ადამიანებზე უძლიერესი.
[26] ნახეთ, ძმანო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული.
[27] არამედ სოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი, და სოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი.
[28] მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული,
[29] რომ არც ერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.
[30] იმისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღვთისმიერ, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
[31] რათა იყოს, როგორც სწერია: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს.“