Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:05

[1] ნუთუ ბედავს რომელიმე თქვენგანი, თავისიანთან დავა რომ აქვს, სამართლის ძიებას უსამართლოებთან და არა წმიდებთან?

[2] ნუთუ არ იცით, რომ წმიდები განიკითხავენ სოფელს? ხოლო თუ სოფელს განიკითხავთ, მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ?

[3] ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზები უნდა განვიკითხოთ? მით უმეტეს, ცხოვრებისეული რაღა გახდა!

[4] თქვენ კი, როცა ცხოვრებისეული საქმეები გაქვთ, თქვენს განმსჯელებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში.

[5] თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში არ მოიპოვება ერთი ბრძენი, რომ შეეძლოს განკითხვა თავის ძმებს შორის?

[6] მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე.

[7] და ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ ნაწყენად დარჩენას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?

[8] მაგრამ თქვენ უსამართლოდ ექცევით და ართმევთ, თანაც თქვენს ძმებს.

[9] ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,

[10] ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

[11] ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.

[12] ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.

[13] საჭმელი მუცლისათვის, ხოლო მუცელი საჭმლისათვის. მაგრამ ღმერთი მოსპობს ერთსაც და მეორესაც. სხეული კი არის არა მრუშობისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი – სხეულისათვის.

[14] ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.

[15] ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? განა ავიღებ ქრისტეს ასოებს და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც!

[16] ანდა, ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: „ორი ერთ ხორცად იქნება.“

[17] ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთ სულად იქნება უფალთან.

[18] გაურბოდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.

[19] ანდა, ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?

[20] ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა.

პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters