Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:04

[1] ადამიანმა ისე შეგვრაცხოს ჩვენ, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნეები.

[2] და უფრო მეტიც, მნეთა შორის ეძებენ, რომ აღმოჩნდეს სარწმუნო ვინმე.

[3] ხოლო ჩემთვის უმნიშვნელოა, თქვენ განმსჯით მე, თუ ადამიანთა სამსჯავრო. მაგრამ მე ნამდვილად არ განვსჯი ჩემს თავს.

[4] ვინაიდან არაფერი ვიცი ჩემს თავზე, მაგრამ ამით არ ვმართლდები. ჩემი განმსჯელი ხომ უფალია.

[5] ამიტომ ნუ განსჯით უჟამოდ, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ ექნება თითოეულს ქება ღვთისაგან.

[6] და ეს, ძმანო, ნიმუშად დავუდე ჩემს თავს და აპოლოსს თქვენი გულისათვის, რათა ისწავლოთ ჩვენგან, რომ არ გადახვიდეთ დაწერილს და არ გაუყოყოჩდეთ ერთმანეთს.

[7] რადგან, ვინ განგასხვავებს? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?

[8] დიახ, უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით, ჩვენს გარეშე გამეფდით. და ნეტა მართლა მეფობდეთ, რომ ჩვენც ვმეფობდეთ თქვენთან ერთად.

[9] რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულებს, ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინა, როგორც სიკვდილმისჯილებს. ვინაიდან სანახაობად გავხდით სოფლისათვის, ანგელოზებისთვისაც და ადამიანებისთვისაც.

[10] ჩვენ უგუნურები ვართ ქრისტეს გულისათვის, თქვენ კი ბრძენები ხართ ქრისტეში. ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. თქვენ დიდებულნი, ჩვენ კი უპატიონი.

[11] ჩვენ ამ ჟამამდე მშივრები და მწყურვლები ვართ, შიშვლები და ნაგვემნი, და მოხეტიალენი.

[12] ვშრომობთ, ჩვენი ხელებით ვმუშაობთ. გაგვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ.

[13] სახელს გვიტეხენ – ვეფერებით. და გავხდით განახვეტი სოფლისა, ყველაფრის ნაგავი აქამდე.

[14] თქვენდა შესარცხვენად როდი ვწერ ამას, არამედ შეგაგონებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს.

[15] ვინაიდან თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით.

[16] ამიტომ შეგაგონებთ თქვენ: მომბაძეთ მე.

[17] ამისათვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, და ის გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორ ვასწავლი ყოველ ადგილას, ყოველ ეკლესიაში.

[18] ზოგიერთები გაამპარტავნდნენ, თითქოს არ მოვიდოდე თქვენთან,

[19] მაგრამ მალე მოვალ თქვენთან, თუ უფალი ინებებს, და გამოვცდი არა ქედმაღლურ სიტყვებს, არამედ ძალას.

[20] რადგან ღვთის სასუფეველი არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში.

[21] რა გსურთ? არგნით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულით და თავმდაბლობის სულით?

პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters