[1] არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში.
[2] და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში.
[3] და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს,
[4] და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.
[5] მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა: ვინაიდან ისინი უდაბნოში დაეცნენ.
[6] ეს კი ჩვენთვის მაგალითი იყო, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც შენატროდნენ ისინი.
[7] არც კერპთაყვანისმცემლები იყოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც სწერია: „დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგნენ სათამაშოდ.“
[8] ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძაობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა.
[9] ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა და ისინი გველებისაგან დაიღუპნენ.
[10] არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა და დაიღუპნენ შემმუსვრელისაგან.
[11] ყოველივე ეს მათ დაემართათ სამაგალითოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ სოფლის აღსასრულს.
[12] ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს.
[13] არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ ატანა.
[14] ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას.
[15] როგორც გონიერებს გელაპარაკებით; თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ.
[16] კურთხევის სასმისი, რომელსაც ჩვენ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლის თანაზიარება არ არის? პური, რომელსაც ჩვენ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულის თანაზიარება არ არის?
[17] ვინაიდან პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი – ერთი სხეული, რადგან ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით.
[18] შეხედეთ ისრაელს ხორცის მიხედვით: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა ისინი სამსხვერპლოს ზიარნი არ არიან?
[19] მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ რაიმეა კერპი, ან იმას, რომ რაიმეს ნიშნავს ნაკერპავი?
[20] არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი იყოთ.
[21] არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის სასმისი. არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც.
[22] ნუთუ ვბედავთ უფლის განრისხებას? განა მასზე ძლიერები ვართ?
[23] ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს.
[24] არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი.
[25] ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.
[26] რადგან უფლისაა მიწა და მისი სისავსე.
[27] ხოლო თუ მიგიწვევთ რომელიმე ურწმუნოთაგანი და მოისურვებთ მასთან წასვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც თქვენს წინ დააწყობენ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.
[28] ხოლო თუ ვინმე გეტყვით: ეს ნაკერპავიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის გამო და სინდისის გამო, რადგან უფლისაა მიწა და მისი სისავსე.
[29] სინდისს ვამბობ არა შენსას, არამედ სხვისას. ვინაიდან რატომ იქნას განკითხული ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით?
[30] ხოლო თუ მადლიერებით ვჭამ, რაღად შევიბღალო იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?
[31] ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად.
[32] ნუ შეურაცხყოფთ ნურც იუდეველებს, ნურც წარმართებს და ნურც ღვთის ეკლესიას.
[33] ისევე, როგორც მეც ვაამებ ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ.