[1] ხმა დადის საერთოდ, რომ მრუშობაა თქვენში, თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს.
[2] და თქვენ კიდეც ქედმაღლობთ იმის ნაცვლად, რომ გლოვობდეთ, რათა მოიკვეთოს თქვენგან ასეთი საქმის ჩამდენი.
[3] თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. უკვე მსჯავრი დავდე მას, თითქოს თქვენთან ვყოფილიყავი, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა.
[4] ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა შეიკრიბებით ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით,
[5] ასეთი კაცი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს.
[6] არ შეგფერით კვეხნა. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?
[7] განწმიდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც ხმიადები ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.
[8] ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით.
[9] წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა გარყვნილ ხალხთან.
[10] არა მარტო ამ სოფლის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, ვინაიდან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით სოფელს.
[11] არამედ გწერდით თქვენ, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილია, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. ასეთთან არც კი ჭამოთ.
[12] ვინაიდან მე რატომ განვიკითხო გარეშეები? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ?
[13] გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენგან.