Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:45

[1] ახლა სულიერ ნიჭზე. არ მინდა, ძმანო, უცოდინარნი იყოთ.

[2] იცით, რომ როდესაც წარმართები იყავით, უტყვ კერპებთან დადიოდით, თითქოს ვიღაც გეწეოდათ.

[3] ამიტომ გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვინც ღვთის სულით ლაპარაკობს, ვერ იტყვის: შეჩვენებულიაო იესო. და არავის შეუძლია უფალი უწოდოს იესოს, თუ არა სულიწმიდით.

[4] სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია.

[5] მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი ერთია.

[6] მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია, რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში.

[7] მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ.

[8] ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით.

[9] ზოგს რწმენა – იმავე სულით და ზოგს – განკურნებათა ნიჭი იმავე სულით.

[10] ზოგს – სასწაულთმოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება.

[11] ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს.

[12] რადგან, როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრნი არიან, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.

[13] ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველები თუ ელინები, მონები თუ თავისუფლები, და ყველას ერთი სული გვისვამს.

[14] ვინაიდან სხეულიც ერთი ასო კი არ არის, არამედ ბევრი.

[15] ფეხმა რომ თქვას: მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?

[16] ანდა ყურმა რომ თქვას: მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?

[17] თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა?

[18] და აჰა, ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში – თითოეული მათგანი, როგორც ნებავდა.

[19] და ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნება სხეული?

[20] აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი ერთი.

[21] თვალი ვერ ეტყვის ხელს: არ მჭირდებიო. ვერც თავი ფეხს: არ მჭირდებითო.

[22] არამედ, სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან.

[23] ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მათ უფრო უხვად გარემოვიცავთ პატივით. და ჩვენს უსახურთ უფრო უხვად აქვთ სახიერება.

[24] ჩვენს სახიერებს არ სჭირდებათ პატივი. მაგრამ ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლებად აქვს.

[25] რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე.

[26] და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება, ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს.

[27] თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები.

[28] დააყენა ღმერთმა ეკლესიაში პირველად მოციქულები, მეორედ მქადაგებელნი, მესამედ მოძღვარნი, მერე კურნებათა ნიჭები, შეწევნანი, მართვანი, სხვადასხვა ენები.

[29] ყველა მოციქულია? ყველა მქადაგებელია? ყველა მოძღვარია? ყველას სასწაულთმოქმედება აქვს?

[30] ყველას აქვს განკურნებათა ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ?

[31] ეშურეთ დიდ ნიჭებს და გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას.

პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters