Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:57

[1] ხოლო მე, ძმანო, არ შემეძლო თქვენთან ლაპარაკი, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში.

[2] რძეს გასმევდით თქვენ და არა საჭმელს, ვინაიდან მაშინ არ შეგეძლოთ და ახლაც არ ძალგიძთ,

[3] იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. ვინაიდან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით?

[4] რადგან, როცა ერთი ამბობს: მე პავლესი ვარო, ხოლო მეორე: მე აპოლოსისა ვარო, განა ხორციელნი არა ხართ?

[5] აბა, ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც თითოეულს მისცა უფალმა.

[6] მე დავრგე, აპოლოსმა მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა.

[7] ამიტომ არც დამრგველია არაფერი, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი.

[8] დამრგველი და მომრწყველი ერთი და იგივეა. ხოლო თითოეული მიიღებს თავის საზღაურს თავისი შრომისამებრ.

[9] ვინაიდან ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი – ღვთის ყანა და ღვთის შენობა.

[10] მე, ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს მასზე.

[11] ვინაიდან არავის ძალუძს დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე.

[12] და თუ ვინმე აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ძელს, ნამჯას, –

[13] თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც არის, ცეცხლი გამოცდის.

[14] ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.

[15] ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლიდან.

[16] ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?

[17] თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ.

[18] ნურავინ იცდუნებთ თავს. თუ ვინმეს ამ სოფელში თავისი თავი ბრძნად წარმოუდგენია, გაუგუნურდეს, რათა ბრძენი გახდეს.

[19] ვინაიდან ამ სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: „მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენებს.“

[20] და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.“

[21] ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანებით, ვინაიდან ყოველივე თქვენია.

[22] გინდ პავლე, გინდ აპოლოსი, გინდ კეფა, გინდ სოფელი, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდ მყოფადი – ყოველივე თქვენია.

[23] თქვენ ხომ ქრისტესი ხართ, ქრისტე კი ღვთისაა.

პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ — Chapters