[1] აჰა, წარმოგიდგენთ ჩვენს დას ფებეს, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური,
[2] რათა მიიღოთ იგი უფალში, როგორც წმიდებს შეეფერება, და დაეხმაროთ ყველაფერში, რაც დასჭირდება თქვენთან, ვინაიდან ისიც ბევრის შემწე იყო და პირადად ჩემიც.
[3] მოიკითხეთ პრისკა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში,
[4] რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც,
[5] და მათი საშინაო ეკლესიაც. მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენეტოსი, რომელიც აზიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის.
[6] მოიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის.
[7] მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომელნიც განთქმული არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე.
[8] მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემი საყვარელი, უფალში.
[9] მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში, და ჩემი საყვარელი სტაქისი.
[10] მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელესი. მოიკითხეთ არისტობულეს შინაურები.
[11] მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი. მოიკითხეთ ნარკისუსის შინაურები, უფალში მყოფნი.
[12] მოიკითხეთ უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსასი. მოიკითხეთ საყვარელი პერსისი, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში.
[13] მოიკითხეთ უფალში რჩეული რუფუსი და დედა მისი და ჩემი.
[14] მოიკითხეთ ასვინკრიტოსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მათთან მყოფი ძმები.
[15] მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირეასი და მისი და, ოლიმპასი, და მათთან მყოფი ყველა წმიდა.
[16] მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია.
[17] შეგაგონებთ, ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი.
[18] ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.
[19] რადგან თქვენი მორჩილება ყველასათვის ცნობილია. ამიტომ მოხარული ვარ თქვენს გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენები იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი – ბოროტისათვის.
[20] ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთანაა. ამინ.
[21] მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი.
[22] მოკითხვას გითვლით უფალში ტერტოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი.
[23] მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოზი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის მეგანძური ერასტოსი და ძმა კვარტოსი.
[24] ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ.