Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:39

[1] ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.

[2] ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადამი, ოღონდ არა შეცნობილად.

[3] რადგან ღვთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.

[4] ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.

[5] მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს.

[6] ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: „ნუ იტყვი შენს გულში: „ვინ ავა ზეცაში?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.

[7] ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.

[8] მაგრამ რას ამბობს იგი? „ახლოა შენთან სიტყვა შენს ბაგეში და შენს გულში,“ ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.

[9] იმიტომ რომ, თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები.

[10] ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.

[11] რადგან წერილი ამბობს: „არც ერთი მისი მორწმუნე არ შერცხვება.“

[12] ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს.

[13] რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება.

[14] მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვისიც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვისზეც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?

[15] და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც სწერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“

[16] მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება, რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“

[17] ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.

[18] მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ მსოფლიოს მოედო მათი ხმა, და ქვეყნის კიდეებს – მათი სიტყვები.

[19] მაგრამ ვამბობ: ნუთუ ისრაელმა არ იცოდა? პირველი მოსე ამბობს: „მე შურს აღვძრავ თქვენში არა-ერით, გაგარისხებთ უგუნური ერით.“

[20] ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: „მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა. გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა.“

[21] ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ.“

პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ — Chapters