Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:33

[1] ანდა, განა არ იცით, ძმებო, – რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, – რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია?

[2] რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის დაკავშირებული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან.

[3] ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა ქმრისა გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ შეერაცხება.

[4] ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მივუტანოთ ღმერთს.

[5] ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო.

[6] ახლა კი, რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.

[7] მაშ, რაღას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით, ვინაიდან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: არ ისურვო.

[8] ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. ვინაიდან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.

[9] ხოლო მე ოდესღაც ვცხოვრობდი რჯულის გარეშე და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა,

[10] მე კი მოვკვდი. ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის,

[11] რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით.

[12] ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.

[13] ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი იყოს მცნების მეშვეობით.

[14] რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვას მიყიდული.

[15] ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ, რაც მძულს, იმას ვაკეთებ.

[16] ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია.

[17] მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.

[18] ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა.

[19] ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.

[20] ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.

[21] ასე აღმოვაჩენ იმ რჯულს, რომ როცა კეთილის გაკეთება მსურს, ბოროტი გვერდით მიწევს,

[22] ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული.

[23] მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.

[24] უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?

[25] ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.

პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ — Chapters