Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:54

[1] რაღა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლმა იმრავლოს? არამც და არამც!

[2] ჩვენ, რომელნიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცოცხლოთ მასში?

[3] ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?

[4] ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით.

[5] ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას.

[6] რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები.

[7] ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია.

[8] და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც,

[9] რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე.

[10] ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღვთისათვის ცოცხლობს.

[11] თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.

[12] მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად.

[13] ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ წარუდგინეთ ღმერთს თავნი თქვენნი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი, და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს.

[14] ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ.

[15] მაშ, ახლა რა? ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც!

[16] ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის.

[17] ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ სახის მოძღვრებას, რომელსაც თქვენი თავი გადაეცით.

[18] გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით.

[19] ადამიანურად ვამბობ თქვენი ხორცის უძლურების გამო. როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისთვის, ასევე ახლა გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს – განსაწმედელად.

[20] რადგან, როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან.

[21] აბა, რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია.

[22] ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ხოლო ბოლო – საუკუნო სიცოცხლე.

[23] ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ — Chapters