Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:21

[1] ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი.

[2] ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.

[3] რადგან მთავარნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან.

[4] ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.

[5] ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც.

[6] სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამას აკეთებენ.

[7] ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი.

[8] არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს.

[9] რადგან: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ ინდომო“ და სხვა რამ მცნებაც შედის ამ სიტყვაში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“

[10] სიყვარული არ უბოროტებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.

[11] მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით დრო, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.

[12] ღამე წავიდა და დღე მოახლოვდა. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი.

[13] მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით,

[14] არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.

პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ — Chapters