[1] რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ.
[2] ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს.
[3] ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი.
[4] ვინ ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.
[5] ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე.
[6] ვინც პატივს მიაგებს დღეს, უფლისათვის მიაგებს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.
[7] ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის.
[8] ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
[9] რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც.
[10] მაშ, შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე.
[11] რადგან სწერია: „მე ცოცხალი ვარ, – ამბობს უფალი, – ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს.“
[12] ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის პასუხს აგებს ღვთის წინაშე.
[13] ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ უფრო იმას განიკითხავდეთ, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს.
[14] მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ თავისთავად არაფერია გაუწმიდურებული. მხოლოდ მისთვის არის გაუწმიდურებული, ვინც გაუწმიდურებულად ჩათვლის რაიმეს.
[15] თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
[16] დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე.
[17] ვინაიდან ღვთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.
[18] ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი – ადამიანთათვის.
[19] მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.
[20] საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც შებრკოლებით ჭამს.
[21] უმჯობესია არა ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება.
[22] გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს.
[23] ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა.
[24] ხოლო მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნისიდან მიდუმებული იყო,
[25] ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველურ წერილებში, მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას.
[26] ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.