[1] და, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,
[2] რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების სასოებით.
[3] და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას,
[4] მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას,
[5] ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
[6] ვინაიდან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განწესებულ ჟამს მოკვდა უკეთურთათვის.
[7] ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილთათვის, შესაძლოა, ვინმემ კიდევ გაბედოს სიკვდილი.
[8] მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.
[9] ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით.
[10] ვინაიდან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს, შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით.
[11] უფრო მეტიც, ვიქადით ღმერთით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.
[12] ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა.
[13] ვინაიდან რჯულამდეც იყო ცოდვა სოფელში, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება.
[14] მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა.
[15] მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით.
[16] ხოლო ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შემცოდისაგან, ვინაიდან მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად, ნიჭი მადლისა კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად.
[17] ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით.
[18] ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.
[19] ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.
[20] რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რომ ემრავლა დანაშაულს. ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი,
[21] რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ.