[1] აბა, რა არის იუდეველის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა?
[2] დიდია უპირატესობა ყოველნაირად, პირველ ყოვლისა: მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები,
[3] თორემ რაა? თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის რწმენას?
[4] არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი – ცრუ, როგორც სწერია: „რადგან მართალი ხარ შენს სიტყვებში, გამართლებული ხარ შენი განკითხვისას.“
[5] ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამოაჩენს ღვთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? – ვლაპარაკობ ადამიანურად.
[6] არამც და არამც! სხვაგვარად როგორღა განიკითხოს ღმერთმა სოფელი?
[7] ვინაიდან, თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა ღვთის ჭეშმარიტება მისი დიდებისათვის, რაღად ვიქნე განკითხული როგორც ცოდვილი?
[8] მაშ, ხომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია განკითხვა ასეთებზე.
[9] მერედა, რა? გვაქვს უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან.
[10] როგორც სწერია: „არავინ არის მართალი,
[11] არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს.
[12] ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება. არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.
[13] მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.
[14] მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე.
[15] მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად.
[16] ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე
[17] და მშვიდობის გზა არ იციან.
[18] ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.“
[19] ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი სოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე.
[20] იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.
[21] ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი,
[22] ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება,
[23] ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას,
[24] და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით,
[25] რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სულგრძელებაში,
[26] რომ ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი.
[27] სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით.
[28] რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად.
[29] განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც.
[30] ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელებს – რწმენით.
[31] მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს.