Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:02

[1] რა ვთქვათ, აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა ხორციელად მოიპოვა რაიმე?

[2] თუ საქმეებით გამართლდა აბრაამი, დიდება მას, ოღონდ არა ღვთის წინაშე.

[3] ვინაიდან, რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.“

[4] მოქმედს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით.

[5] მაგრამ არა მოქმედს, რომელსაც სწამს იგი, ვინც ამართლებს უღვთოს, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ.

[6] ასევე დავითიც ნეტარს უწოდებს ადამიანს, რომელსაც ღმერთი სიმართლეს უთვლის საქმეთაგან დამოუკიდებლად:

[7] „ნეტარ არიან, ვისი ურჯულოებანიც მიტევებულია და ცოდვები დაფარული.

[8] ნეტარ არს კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას.“

[9] მაშ, ეს ნეტარება წინადაცვეთაზეა თუ წინადაუცვეთლობაზეც? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ.

[10] როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს? არა წინადაცვეთილს, არამედ წინადაუცვეთელს.

[11] ხოლო წინადაცვეთის ნიშანი მიიღო, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობაში ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ.

[12] ასევე წინადაცვეთილთა მამა, ოღონდ არა მარტო წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის, აბრაამის, რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.

[13] ვინაიდან აბრაამს ან მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა ყოფილიყო სოფლის მემკვიდრე.

[14] თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა – უსარგებლო.

[15] ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, რადგან სადაც რჯული არ არის, იქ არც დანაშაულია.

[16] მაშ, რწმენით, რათა ყოფილიყო მადლით, რათა აღთქმა მტკიცე ყოფილიყო მთელი თესლისათვის. არა მარტო რჯულით თესლისათვის, არამედ რწმენით აბრაამის თესლისათვისაც, ვინც ყველა ჩვენგანის მამაა

[17] როგორც სწერია: „მე დაგაყენე მრავალი ერის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც იგი ერწმუნა, ღმერთს, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არყოფილს ყოფად მოუწოდებს.

[18] რომელიც უსასოობაში ერწმუნა სასოებით, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა, როგორც ნათქვამია: „ასე იქნება შენი თესლი.“

[19] არ დაუძლურებულა რწმენაში, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო.

[20] მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.

[21] და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა.

[22] ამიტომაც ჩაეთვალა მას სიმართლედ.

[23] და არა მარტო მისი გულისათვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას,

[24] არამედ ჩვენი გულისთვისაც: ჩაგვეთვლება ჩვენც, იმის მორწმუნეებს, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო,

[25] რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა ჩვენდა გამართლებად.

პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ — Chapters