[1] მაშ, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან.
[2] არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს:
[3] „უფალო! შენი წინასწარმეტყველნი ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. დავრჩი მარტო მე და ჩემს მოკვლას ცდილობენ.“
[4] მაგრამ რას ეუბნება მას ღვთის პასუხი? „დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაყალის წინაშე.“
[5] ასევე ამჟამადაც არსებობს ნატამალი, მადლით ამორჩეული.
[6] ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნება მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის. თორემ საქმეც აღარ არის საქმე.
[7] მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენებს კი გული დაეხშოთ.
[8] როგორც სწერია: „მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე.“
[9] ხოლო დავითი ამბობს: „მათი სუფრა იყოს მახე, ბადე და საცდური და მათდა მისაგებელი,
[10] დაიბინდოს მათი თვალები, რათა ვერ ხედავდნენ, ხოლო მათი ხერხემალი სამუდამოდ მრუდი იყოს.“
[11] მაშ, ვამბობ: იმდენად უნდა წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური.
[12] და თუ მათი დაცემა სოფლის სიმდიდრეა და მათი დამცრობა – წარმართთა სიმდიდრე, მით უმეტეს მათი სავსება.
[13] ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
[14] ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს ახლობლებში და ზოგიერთი მათგანის ხსნა.
[15] ვინაიდან, თუ მათი განდევნა სოფლის შერიგებაა ღმერთთან, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა სიცოცხლე მკვდართაგან?
[16] თუ პირველნაყოფი წმიდაა, მაშ, ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ, რტოც.
[17] ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველურო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი ზეთის ხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი,
[18] ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.
[19] შენ იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავემყნოო!
[20] კეთილი. ისინი გადატყდნენ, ვინაიდან არ სწამდათ, შენ კი დგახარ რწმენით. ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.
[21] ვინაიდან, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს.
[22] ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებას და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ იდგები მის სახიერებაში, თუ არა და, შენც მოიკვეთები.
[23] და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ იდგებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა.
[24] ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.
[25] რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: მანამდე ახლავს ნაწილობრივ სიბრმავე ისრაელს, ვიდრე მთელი წარმართობა არ მივა ღმერთთან.
[26] ასე მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც სწერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცდენს იაკობს.
[27] ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს.“
[28] დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის; ხოლო ამორჩევის მიხედვით – საყვარელნი, მამების გულისათვის.
[29] ვინაიდან უცვალებელია ღვთის ნიჭი და მოწოდება.
[30] ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებული ხართ მათი ურჩობით,
[31] ისე, ახლა ისინიც ურჩობენ იმისათვის, რომ ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ.
[32] ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.
[33] ო, ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! რა ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
[34] რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი?
[35] ან წინასწარ ვინ მისცა მას, რომ მიუზღოს?
[36] რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ.