[1] ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.
[2] ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის.
[3] ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც სწერია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე.“
[4] რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება.
[5] ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ.
[6] რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა.
[7] ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღვთის სადიდებლად.
[8] ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღვთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებულიყო მამებისათვის აღთქმული,
[9] და რათა წარმართებს განედიდებინათ ღმერთი წყალობისათვის, როგორც სწერია: „ამისათვის გაღიარებ წარმართებს შორის და ვუგალობებ შენს სახელს.“
[10] და კვლავ ამბობს: „იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად.“
[11] და კვლავ: „წარმართებო, აქებდეთ უფალს და, ხალხებო, ადიდებდეთ მას.“
[12] და კვლავ, ესაია ამბობს: „იყოს იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ, მისი სასოება ექნებათ წარმართებს.“
[13] ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.
[14] და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსე ხართ სათნოებით, სავსე ხართ ყოველი ცოდნით და შეგიძლიათ ერთმანეთის დარიგება.
[15] მაგრამ ცოტა გავკადნიერდი, როცა გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენდამი შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით,
[16] ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა წარმართთა შესაწირავი იყოს სასურველი და სულიწმიდის მიერ განწმედილი.
[17] ამიტომ შემიძლია ვიამაყო ქრისტე იესოში ღვთის წინაშე.
[18] რადგან ისეთი რამის ლაპარაკს ვერ გავბედავ, რაც ქრისტეს არ გაეკეთებინოს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,
[19] ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილირიკამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.
[20] თანაც, ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საძირკველზე,
[21] არამედ როგორც სწერია: „ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ, დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია, მიხვდებიან.“
[22] ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა.
[23] ხოლო ახლა, როცა ჯერ კიდევ არა მაქვს ადგილი ამ მხარეებში, ხოლო მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა,
[24] როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
[25] ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად.
[26] რადგან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს მოწყალების გაზიარება ღარიბი წმიდებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან.
[27] ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელადაც უნდა მოემსახურონ მათ.
[28] ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ.
[29] ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სახარების სრული კურთხევით.
[30] შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, ჩემთან ერთად იბეჯითოთ ჩემთვის ღვთისადმი ლოცვებში.
[31] რათა გადავურჩე ურწმუნოებს იუდეაში და წმიდათათვის სასიამოვნო იყოს ჩემი სამსახური იერუსალიმში.
[32] რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით და დავისვენო თქვენთან.
[33] მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.