Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:04

[1] ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ, ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისი განმკითხველი იმასვე სჩადიხარ.

[2] ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩამდენთათთვის.

[3] შენ კი, ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს?

[4] თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?

[5] ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს,

[6] რომელიც ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს:

[7] მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს;

[8] ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას – რისხვასა და გულისწყრომას.

[9] ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტს სჩადის – ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენს.

[10] ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენს.

[11] რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება.

[12] ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან. ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან

[13] რადგან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან,

[14] რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან.

[15] ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ, –

[16] იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ.

[17] აჰა, შენ გქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით,

[18] იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია.

[19] და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ნათელი ხარ ბნელში მყოფთათვის.

[20] უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში.

[21] როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი?

[22] ქადაგებ: არ მოიპაროო და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო და მრუშობ? კერპები გეზიზღება და მაინც მკრეხელობ?

[23] რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ.

[24] რადგან თქვენი გულისათვის, როგორც სწერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში.

[25] ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ. ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთლობად იქცა.

[26] მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება?

[27] ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს.

[28] ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე,

[29] არამედ ვინც დაფარულშია, ის არის იუდეველი და გულის წინადაცვეთა სულშია, არა ასოში. მისი ქება კაცთაგან კი არა, ღვთისგან არის.

პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ — Chapters